შეპარდი: კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს

პუბლიკა

რა მნიშვნელობა აქვს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობების ფარგლებში კრიტიკულ წერილებს? – ამის შესახებ „ამერიკის ხმა” საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის ვიცე-პრეზიდენტს ესაუბრა.

რობინ შეპარდი ამბობს, რომ საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რომ ამერიკიდან მიღებული წერილების გათვალისწინება მოხდეს, რადგან „ამ წერილების გაგზავნით საქართველოს გაფრთხილება მისცეს. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს”.

მასალა მომზადებულია „ამერიკის ხმის” მიერ:

რას ფიქრობთ კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილებზე? წერილებში ისნი შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე. ისინი შეშფოთებულები არიან საქართველოში მიმდინარე ზოგიერთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა მაგალითად საარჩევნო კოდექსი, ან სასამართლოს რეფორმა. რას ფიქრობთ ამ წერილების მნიშვნელობაზე? ქართველებმა ისინი სერიოზულად უნდა აღიქვან?

კი. ისინი ამ წერილებს უნდა მიესალმონ კიდეც. შეერთებული შტატები გლობალური ძალაა და სამყაროს გლობალური ძალის ლინზით უყურებს. ძალიან რთულია ამერიკაში ერთ კონკრეტულ საკითხზე წარმომადგენელთა პალატის, სენატის, პოლიტიკური ისტებლიშმენტის ყურადღების მიქცევა. ის ფაქტი, რომ კონგრესის ოთხმა წევრმა საქართველოს წერილი გაუგზავნა – ორი თვით ადრე კიდევ იყო მსგავსი წერილი – იმას ნიშნავს, რომ კონგრესში საქართველოზე ფიქრობენ. ამერიკა საქართველოს პრობლემებს ვერ გადაუჭრის, ეს თვითონ საქართველომ უნდა გააკეთოს, მაგრამ ამერიკას შეუძლია საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადოს ან ღირებულებების თანხვედრაზე განცხადება გააკეთოს საერთაშორისო ფორუმებზე.

ამერიკის კონგრესს უკიდურესად გავლენიანი რეზოლუციების მიღება შეუძლია. ეს წერილები კარგის ნიშანია იმიტომ, რომ ისინი მიუთითებს იმაზე, რომ ამერიკის კონგრესში ადამიანები საქართველოზე ფიქრობენ და მას ყურადღებას აქცევენ. საქართველოზე ბევრი მნიშვნელოვანი ადამიანი ფიქრობს. კონგრესის წერილებთან ერთად, დეკემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა კრიტიკული განცხადება, ევროკავშირმაც იგივე გააკეთა. მსოფლიო ვერ წამოხტება ერთ დღეს და საქართველოს ყველა პრობლემას ვერ მოუგვარებს, მაგრამ ხალხი საქართველოზე ფიქრობს და მას აკვირდება. ეს კარგის ნიშანია.

არ მგონია მთავრობა ამაში დაგეთანხმოთ.

საქართველოს მთავრობა? ეს იმიტომ, რომ მათ აკრიტიკებენ. ამას კი თავის მიზეზები აქვს. საქმე ისე გამოიყურება, რომ საქართველოს მთავრობა კანონის უზენაესობას ასუსტებს, პრესაზე იყო ზეწოლა, გაურკვეველია დამოკიდებულება რუსეთთან, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. თუ ასე იქცევი, ამას ცხადია სამართლიანად კრიტიკაც მოჰყვება. შეიძლება ისინი გაბრაზდნენ იმაზე, რომ ვიღაცა აკრიტიკებთ, მაგრამ მეტი ყურადღება იმაზეა მისაქცევი, თუ თვითონ რას აკეთებენ.

მთავრობა ამბობს, რომ ვაშინგტონში არასწორი ინფორმაცია ჩამოდის და რომ ოპოზიცი და არასამთავრობო სექტორი ამერიკელებს დამახინჯებულ ინფორმაციას აწვდის. ამ მოსაზრებაზე რას ფიქრობთ?

პირველ რიგში, ის მთავრობები, რომლებიც „ცუდად იქცევიან,“ ყოველთვის იმას ამბობენ, რომ მათი ადგილობრივი ოპონენტები ქმნიან პრობლემებს და საერთაშორისო დონეზე ამ კრიტიკას იწვევენ. ისინი საკუთარ მოქმედებებს არასოდეს აფასებენ. მაგალითად პროპორციული სისტემა რომ მოვიყვანოთ. საქართველოში მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა. ამ უკმაყოფილების ჩასაცხრობად მთავრობამ პირობა დადო, რომ 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდებოდა. შემდეგ მთავრობა გამოვიდა და ეს დაპირება უკან წაიღო. ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას ამის უფლება აქვს. ეს ოპოზიციას არ გამოუგონია. ეს რეალობაა. იგივე ხდება მოსამართლეებთან დაკავშირებითაც. სასამართლოს კონტროლი ზოგადად „ნეო-ავტორიტარიზმის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პუტინის სახელმძღვანელოა – აკონტროლე სასამართლო, დისკრედიტაცია გაუკეთე არასამთავრობო სექტორს, შეზღუდე მედია. ამერიკის საელჩო, ამერიკული არასამთავრობოები საქართველოში ხედავენ რა ხდება. მათ არ სჭირდებათ ოპოზიციის იმედზე ყოფნა იმისთვის, რომ ინფორმაცია მიიღონ. ისინი არანაკლებ ინფორმაციას აწვდიან ამერიკელ პოლიტიკოსებს. იმის თქმა, რომ ამას მხოლოდ ოპოზიცია აკეთებს, უბრალოდ არასწორია.

ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქართველოს იმიჯი დაზიანდა და ეს გრძელვადიანი ზიანია. თქვენი აზრით, საქართველოს რეპუტაცია შეილახა?

ჩემი აზრით, საქართველოს გარეთ ხალხი ხედავს, რომ ქვეყანაში რაღაცა პრობლემური ხდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს რეპუტაცია შეილახა. მე ასე შორს არ წავიდოდი. საქართველოზე ხელი არავის ჩაუქნევია. უკმაყოფილება არა საქართველოს, არამედ საქართველოს მთავრობისკენაა მიმართული. არავინ აკრიტიკებს ქართველ ხალხს, არავინ ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა ვერ შეძლო დემოკრატიის აშენება. თუ ვინმეს რეპუტაცია ილახება, ეს მთავრობის რეპუტაციაა და არა ქვეყნის.

როდესაც ამერიკის კონგრესი ქვეყნის მთავრობას კრიტიკულ წერილს უგზავნის, რას ნიშნავს ეს გარდა იმისა, რაც თქვენ თქვით, რომ ეს ქვეყნისთვის კარგია, რადგან მას კონგრესი ყურადღებას აქცევს. ამას იმიტომ გეკითხებით, რომ „ქართული ოცნების“ წევრებისა და მხარდამჭერებისგან გაისმა ისეთი შინაარსის განცხადებები, რომ თითქოს ეს არ არის მნიშვნელოვანი რადგან მას 435 წვერიანი კონგრესიდან მხოლოდ 4 კონგრესმენი აწერს ხელს. ეს წერილი არსის და მიზნის დაკნინები ან დისკრედიტაციის მცდელობაა. რას ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ეს წერილები?

ის მართალია, რომ კონგრესში 435 წარმომადგენელია და სენატში 100 სენატორი. ამ რაოდენობიდან, 4 ადამიანი მათემატიკურად ნამდვილად არ არის დიდი რაოდენობა. ფაქტი ისაა, რომ ამერიკის კონგრესი წარმოუდგენლად ბევრ საკითხზე მუშაობს, როგორც შიდა პოლიტიკის ასევე საგარეო ურთიერთობების მხრივ. ამ ოთხ კონგრესმენს კოლეგები ჰყავს, ისინი კომიტეტების წევრები არიან და ამ თემებზე კომიტეტებში საუბრობენ. ეს პირველი ნაბიჯია. ისინი ამას პირდაპირ არ ამობენ, მაგრამ ამ წერილების გაგზავნით, იმას იძახიან, რომ საქართველოს გაფრთხილება მიეცა. ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანებმა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვაგანაც დაინახონ, რომ ამერიკა საქართველოს ყურადღებას აქცევს და თუ გადაწყვიტეს, რომ ეს გზავნილი გაამკაცრონ, შეუძლიათ უფრო მეტიც გააკეთონ.

და ეს რა იქნება?

ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.