ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა, –- Reuters-ის ინფორმაციით, უფრო და უფრო მეტი ქვეყანა გეგმავს ჩინეთიდან, განსაკუთრებით კი ვირუსის ეპიცენტრიდან, ვუჰანიდან, თავიანთი მოქალაქეების ევაკუაციას.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტ ტედრეს აბჰანომ გებრეიესუსთან შეხვედრების შემდეგ განაცხადეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ მიესალმება ქვეყნების გადაწყვეტილებას, თავიანთი მოქალაქეების ევაკუირების შესახებ და მიიჩნევს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტს ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ჩინეთიდან თავისი მოქალაქეების ევაკუაციას გეგმავს.
„ჩვენი მოქალაქეების ევაკუაცია იგეგმება და დღის მეორე ნახევარში გვექნება შეხვედრა, რომელზეც მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა გზით მოხდება ეს ევაკუაცია. მსოფლიო ერთობლივად ებრძვის კორონავირუსს. ჩვენ ჩართულები ვართ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებში. ამ დროისთვის საფრთხე არ არსებობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს საფრთხე შეიძლება არ დადგეს, მაგრამ ვაკეთებთ ყველაფერს საფრთხის გაჩენის რისკის მინიმუმამდე დაყვანისთვის“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას თქმით კი, საქართველომ შესაძლოა, ჩინეთიდან პირდაპირი ავიარეისები დროებით შეაჩეროს. თურნავას თქმით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების ნაკლები საფრთხის ზონაშია, თუმცა ფრენის შეჩერება ქვეყანას „უფრო მშვიდად ყოფნის“ საშუალებას მისცემს.