ზურაბიშვილის თქმით, ოკუპაციის კანონისდამრღვევ რუს პოლიტიკოსებს საქართველო ევროსაბჭოს ღონისძიებებზე უმასპინძლებს

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, მაისში ევროსაბჭოს დაგეგმილ ღონისძიებებზე რუსეთის დელეგაციას საქართველო თავისი კანონმდებლობის გვერდის ავლით უმასპინძლებს. ზურაბიშვილის თქმით,  საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო ვალდებულებებს პატივს სცემს და რუსეთის დელეგაციას მიიღებს.

„ეს კანონი რუსეთის დელეგაციის ბევრ წევრს შეუზღუდავდა ქვეყანაში შემოსვლას, თუმცა რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დეკლარირებული პოლიტიკისგან განსხვავებით, პატივს სცემს საერთაშორისო ვალდებულებებს, ვაპირებთ, პატივი ვცეთ საერთაშორისო ვალდებულებებს და მივიღოთ საპარლამენტო ასამბლეა, როგორც ამას ორგანიზაციის პრინციპები და წესები გვკარნახობს.

ეს არ არის მარტივი. ამას მარტივად არ მიიღებს მოსახლეობა, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებას ვაპირებთ, რადგან ვიცავთ ჩვენს პრინციპებსა და ამ ორგანიზაციის წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა რუსი დეპუტატის კითხვაზე პასუხად.

ასამბლეაზე რუსეთის წარმომადგენელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა სალომე ზურაბიშვილს ასე მიმართა: „საქართველო ყოველთვის იყო სტუმართმოყვარე ქვეყანა, რომელიც მასპინძლობდა საერთაშორისო ორგანიზაციებს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა უნდა გაიმართოს თქვენს ქვეყანაში. თქვენ ასევე უმასპინძლეთ მართლმადიდებლურ ღონისძიებებს, თუმცა სტუმართმოყვარე ქვეყნის პრეზიდენტმა არ დაგმო რუსეთის დელეგაციის წევრის ცემა. თქვენი ქვეყანა ხდება საშიში არა მხოლოდ პოლიტიკური თავისუფლებისა და რელიგიური, ეროვნული თუ სხვა უმცირესობების მიმართ, არამედ პარლამენტარებისთვისაც. რა არის ამაზე თქვენი პასუხი?“

მაისში, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის რანგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას უნდა უმასპინძლოს (და არა საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ზურაბიშვილმა თქვა). ჯერჯერობით უცნობია, გეგმავს თუ არა რუსეთის დელეგაცია ამ კონფერენციაში მონაწილეობას და როგორი იქნება მისი შემადგენლობა.