სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის მე-17 ციხეში მივიდა, სადაც გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი პატიმარი დაიღუპა.
ლომჯარიას თქმით, ის გაესაუბრება პატიმრებს და მათგან მიიღებს ინფორმაციას მომხდარის შესახებ.
„გუშინ დღის განმავლობაში ვიყავით კონტაქტზე პენიტენციურ სამსახურთან, ბოლო კონტაქტი შედგა 6 საათის შემდგომ, თუმცა სამწუხაროდ ჩვენც დღეს საჯაროდ გავრცელებული განცხადების საფუძველზე გავიგეთ რომ გარდაცვლილი არის ხანძრის შედეგად ორი პატიმარი. სამწუხაროა, რომ არც პენიტენციურმა სამსახურმა და არც სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა არ შეგვატყობინა აღნიშნულის თაობაზე.
დღეს უკვე რამდენიმე საათია სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებიან ციხის ტერიტორიაზე, ვიცი რომ გაესაუბრნენ პატიმრებს, ასევე დაათვალიერეს შემთხვევეის ადგილი, მათთვისაც იგივე ინფორმაცია არის ცნობილი, რომ ხანძარი დაიწყო სასადილოში სადილის შემდგომ, იმყოფებოდა იქ ერთი პირი, რომლის გამოყვანასაც ცდილობდა სხვა პატიმარი და ისიც სავარაუდოდ დაიღოპა“,- უთხრა ლომჯარიამ ჟურნალისტებს.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული.
ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია ,,ილი ჯგუფის“ (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ.
დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება, ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების“,- ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.