ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში პოლიტიკურ პარტიების აკრძალვასთან და ასაკრძალ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები არაპროპორციული და გაუმართლებელია, საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ პლურალიზმს და ეწინააღმდეგება დემოკრატიისა და პლურალიზმის შესახებ საერთაშორისო სტანდარტებს. კომისიის შეფასებით, კანონმდებლობა, რომელიც კონსტიტუციური წესრიგის დაცვის მიზნით მიიღეს, შესაძლოა, თავად უქმნიდეს კონსტიტუციას სერიოზულ საფრთხეს.
ვენეციის კომისიამ დღეს, 13 ოქტომბერს გამოაქვეყნა დასკვნა, რომელიც ეხება 2025 წლის 16 ოქტომბერს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლსა და მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს. ცვლილებები აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირებისთვის სამართლებრივი შედეგების დაწესებას ითვალისწინებს.
ვენეციის კომისიის შეფასებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ 2025 წლის ოქტომბერში მიღებული საკანონმდებლო პაკეტი დემოკრატიის დაცვის აუცილებლობით იყო განპირობებული, იმ გამონაკლისი გარემოებით, როდესაც დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვა უწევს.
კომისია აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სტანდარტებით პოლიტიკური პარტიის აკრძალვა და მასთან დაკავშირებული სანქციები, მათ შორის, პარტიის ცალკეული წევრების წინააღმდეგ შესაძლოა გამართლებული იყოს მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში, ლეგიტიმური მიზნისა და პროპორციულობის მოთხოვნების დაცვით.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, გადაწყვიტოს აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირებისთვის შესაბამისი შეზღუდვების დაწესების საკითხი.
კომისიის შეფასებით, ეს უფლებამოსილებები არ არის გათვალისწინებული არც აღნიშნული კანონის მე-19 მუხლით და არც საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის მე-4 პუნქტით. ამასთან, კონსტიტუცია განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენციას, ხოლო ორგანული კანონი პროცედურას არეგულირებს.
ცვლილებებით გათვალისწინებული შეზღუდვები მოიცავს პოლიტიკური პარტიის დაფუძნების, ხელმძღვანელობის ან მასში გაწევრიანების აკრძალვას, პარტიის აღმასრულებელ ან ზედამხედველობით ორგანოებში საქმიანობის შეზღუდვას, საჯარო ან პოლიტიკური თანამდებობის დაკავების აკრძალვას, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელობისა და საერთო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლების განხორციელების შეზღუდვას.
ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სათანადოდ უნდა შეისწავლოს შეშფოთება, რომლის თანახმადაც, ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს კონსტიტუციური ცვლილებების გარეშე აფართოებს და ცალკეული პირების მიმართ კონსტიტუციით გაუთვალისწინებელ ზომებს აწესებს. ამასთან, კომისია ხაზს უსვამს, რომ სამართლებრივი ცვლილებების კონსტიტუციურობის შეფასება მის კომპეტენციაში არ შედის.
დასკვნის თანახმად, აკრძალულ პოლიტიკურ პარტიებთან „დაკავშირებული“ პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების თვალსაზრისით სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.
კომისია მიიჩნევს, რომ სამართლებრივი ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს სამართლებრივ განსაზღვრულობასა და განჭვრეტადობას, რადგან შეზღუდვების ამოქმედების საფუძვლად გამოყენებული საკვანძო ცნებები, მათ შორის, აკრძალულ პოლიტიკურ პარტიასთან „დაკავშირებული“ პირის ცნება, ზედმეტად ფართოდ და ბუნდოვნად არის ჩამოყალიბებული. ეს კი ხელისუფლებას გადაჭარბებულ დისკრეციას ანიჭებს.
ვენეციის კომისიის შეფასებით, შეზღუდვები ამოქმედდება პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შედეგად ისე, რომ არ არის უზრუნველყოფილი თითოეული პირის ქცევის, პასუხისმგებლობისა და განზრახვის ინდივიდუალური შეფასება. შედეგად, ჩნდება საფრთხე, რომ პირებს პასუხისმგებლობა მხოლოდ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიასთან მათი კავშირის გამო დაეკისროთ.
კომისია პრობლემურად მიიჩნევს შეზღუდვების ერთობლიობასაც, რადგან პოლიტიკური პარტიებიდან, არჩევნებში მონაწილეობიდან, საჯარო თანამდებობებიდან და წარმომადგენლობითი მანდატებიდან ერთდროულად გამორიცხვამ შესაძლოა პოლიტიკური უფლებების არსებითი ნაწილი დააზიანოს. ამასთან, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შეზღუდვების მოქმედების მკაფიო ვადებსა და მათი ეფექტიანი გადახედვის მექანიზმებს.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ კანდიდატების საარჩევნო პროცესიდან ჩამოშორებამ ან მანდატების შეწყვეტამ, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში დაჩქარებული პროცედურების გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა საარჩევნო კონკურენცია და ამომრჩეველთა არჩევანის თავისუფლება დაამახინჯოს.
კომისიის საბოლოო შეფასებით, განსახილველი კანონმდებლობა არ ემსახურება დეკლარირებულ მიზანს – დაიცვას კონსტიტუციური წესრიგი მისი ძალადობრივი შეცვლისგან, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნისგან, ომის პროპაგანდისგან, ძალადობისა და ეროვნული, რეგიონული, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებისგან.
ამის ნაცვლად, კომისიის აზრით, კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური თავისუფლების არაპროპორციულ და გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს და ხელს უშლის პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას.
ვენეციის კომისია ყურადღებას ამახვილებს საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლივ გავლენაზეც. კერძოდ, კომისია აღნიშნავს, რომ ბოლო ცვლილებებმა გააფართოვა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საფუძვლები და რვა წლით აუკრძალა „უცხოეთის აგენტისთვის“ მომუშავე ნებისმიერ პირს პოლიტიკურ პარტიაში ან „გამოცხადებული პარტიულ-პოლიტიკური მიზნების მქონე ორგანიზაციაში“ გაწევრიანება.
„კონსტიტუციური წესრიგის დაცვის ნაცვლად, ეს კანონმდებლობა, შესაბამისად, მისთვის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნულია დასკვნაში.
ვენეციის კომისია წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლებას დასკვნის მომზადების პროცესში მასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუხატავს. მიუხედავად ამისა, კომისია აცხადებს, რომ დიალოგისთვის კვლავ მზად არის და ამ საკითხზე შემდგომი დახმარების გაწევას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც სთავაზობს.