არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი, ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი - მეჭიაური ღარიბაშვილს

პუბლიკა

„მე არც ვინმეს ნიჭიერებას ვაყენებ ეჭვის ქვეშ და არც ვინმეს ახალგაზრდობაა ინდულგენცია და არც მარტო ცენტრშია გადასაწყვეტი ვინ უნდა იყოს ადგილზე მერი”, – ასე პასუხობს თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მოწოდებას, მეორე ტურში გზა დაუთმოს „ქართული ოცნების” ახალგაზრდა და ნიჭიერ კანდიდატს.

„მგონია, რომ დღესდღეობით მე ვჭირდები ჩემს კუთხეს, მე მაქვს არაერთი ადამიანის თხოვნა, რომ კენჭი მეყარა ამ თანამდებობაზე, ასე, რომ ჩემი შესვლა და გამოსვლა ბრძოლაში, მარტო ჩემზე არაა დამოკიდებული და მის სანაცვლოდ არც რაიმე თანამდებობა იქნება ჩემთვის ამის წინაპირობა. რაც არ უნდა დიდი და მაღალანაზღაურებადი იყოს ეს თანამდებობა, არსებობს შენი კუთხის მიმართ შენი ვალდებულება, რაც გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე მატერიალური კეთილდღეობა”, – განაცხადა მეჭიაურმა „ფორმულასთან” საუბრისას.

შეკითხვაზე, ხომ არ შესთავაზეს მას რაიმე თანამდებობა „გზის დათმობის” სანაცვლოდ, მეჭიაურის თქმით, ამ საკითხზე საუბარს არ აპირებს – „მოდი ამას დავანებებ თავს ახლა”.

მან ასევე აღნიშნა, რომ დაელაპარაკება თანაგუნდელებს, დიდი ალბათობით მათი აზრიც ასეთი იქნება – „ჩვენი ბრძოლა ემსახურება ღირსების დაცვას და არა იმას, ვინ რა ზვარაკს გადმოგვიგდებს აქეთ. წავაგოთ სჯობს ღირსეულად, ჩემი აზრით, ვიდრე ასეთი გზით გავიდეთ თამაშიდან”.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას საბოტაჟთან დაკავშირებით, „რომ ამის მიზეზი „არამეოცნებე” მერია”, მეჭიაურის თქმით, ეს არასწორი ინფორმაციაა. მისი თქმით, პრემიერი ადგილობრივ თვითმმართველოვას განიხილავს როგორც დანამატს ცენტრალური ხელისუფლების.

„ცენტრალურ ხელისუფლებას თუ უნდა ჰქონდეს გავლენა და ჰყავდეს წარმომადგენლობა ადგილზე, მას ამისთვის ჰყავს გუბერნატორები, რწმუნებულები, რომელსაც ის ნიშნავს და ის არის მისი თვალი ადგილზე. რაც შეეხება მერებს, ისინი ირჩევიან ხალხის მიერ და ის უნდა იყოს ზუსტადაც ხალხის წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებაში და თანამშრომლობა არ უნდა იყოს მონური მორჩილება ცენტრალური ხელისუფლების მიმართ. პირიქით, აქ უნდა იყოს ინტერესების შეჯერება”, – განაცხადა მან.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თიანეთის მერობის კანდიდატს თამაზ მეჭიაურს მოუწოდებს, რომ არჩევნების მეორე ტურში გზა დაუთმოს „ქართული ოცნების” კანდიდატს, ლევან წიკლაურს.