რა მოხდა კიევის მახლობლად, ეროვნული გვარდიის შენობასთან — გამოძიება სამხედროების მიმართ შესაძლო ძალადობას შეისწავლის

პუბლიკა

უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ კიევის ოლქის სოფელ პეტროპავლივსკა ბორშჩაგივკაში 2 ნოემბერს მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება ეროვნული გვარდიის სამხედრო თანამდებობის პირების მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებას.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად კანონიერი იყო სამხედროების შენობაში განთავსება, გამოიყენეს თუ არა მათ მიმართ იძულება და რა გახდა მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების მიზეზი.

ინციდენტს წინ უძღოდა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ცნობები, თითქოს კიევის მახლობლად, კერძო სახლის სარდაფში, დაახლოებით 40 ადამიანს უკანონოდ აკავებდნენ და აწამებდნენ. გავრცელდა ინფორმაციაც, რომ ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვალა. ამ ცნობების შემდეგ შენობასთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მოგვიანებით ადგილზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, დაზიანდა პოლიციისა და ეროვნული გვარდიის ავტომობილები, გაისმა სროლის ხმები.

უკრაინის პოლიციამ უარყო ინფორმაცია ადამიანების უკანონო დაკავებისა და გარდაცვალების შესახებ. ამასთან, ეროვნული გვარდიის მეთაურის განცხადებით, შენობაში მყოფ ოთხ სამხედრო მოსამსახურეს სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი დაზიანებების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის.

როგორ დაიწყო ყველაფერი – ცნობები „40 ადამიანის წამების“ შესახებ

2 ნოემბერს, დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში, მათ შორის Telegram-სა და TikTok-ზე, გავრცელდა ცნობები, თითქოს პეტროპავლივსკა ბორშჩაგივკაში, ერთ-ერთი კერძო სახლის სარდაფში, დაახლოებით 40 ადამიანს ძალით აკავებდნენ. პოსტებში საუბარი იყო ადამიანების წამებაზე, მძიმე დაზიანებებსა და შესაძლო გარდაცვალებაზეც.

ინფორმაციას თან ახლდა ვიდეო, რომელშიც ქალი სამედიცინო ფორმაში, სასწრაფო დახმარების ავტომობილთან იდგა და შენობაში შესვლას ითხოვდა. ის ამტკიცებდა, რომ შიგნით მძიმე მდგომარეობაში მყოფი ადამიანი იმყოფებოდა და მისი გამოყვანა სურდა.

ქალი პირდაპირ ეთერში ამბობდა, რომ შენობაში მყოფი პირების ოჯახის წევრებმა დახმარებისთვის მიმართეს. მისი თქმით, ერთ-ერთი მამაკაცი 37 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა იქ და ოპერაციაც ჰქონდა გადატანილი. ქალი ამტკიცებდა, რომ მისთვის შენობაში შესვლისა და პაციენტის გამოყვანის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

უკრაინული მედიის ცნობით, პოლიციაში გამოძახებაც სწორედ კერძო სასწრაფო დახმარების თანამშრომლებისგან შევიდა. ისინი სამართალდამცველებს ატყობინებდნენ, რომ ერთ-ერთ პირთან მისვლის შესაძლებლობას არ აძლევდნენ.

კიევის ოლქის პოლიციის ოფიციალური განცხადება 2 ნოემბერს, 17:27 საათზე გამოქვეყნდა. უწყების ცნობით, ადგილზე მისულმა პოლიციელებმა დაადგინეს, რომ ინციდენტი კერძო სახლთან ხდებოდა, სადაც ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედროები იმყოფებოდნენ. პოლიციამ პირდაპირ განაცხადა, რომ ინფორმაცია ადამიანების უკანონო დაკავებისა და მოქალაქის გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ შენობა ეროვნული გვარდიის დროებითი განთავსების პუნქტი იყო. ამის შესახებ განაცხადეს როგორც ეროვნული გვარდიის მეთაურმა ოლექსანდრ პივნენკომ, ისე ეროვნული გვარდიის პირველმა კორპუსმა – „აზოვმა“.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, შენობა ეროვნული გვარდიის 3121-ე სამხედრო ნაწილის დროებითი დისლოკაციის ადგილი იყო. იქ იმყოფებოდნენ როგორც მობილიზებული პირები, ისე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების შემდეგ დააკავეს და ქვედანაყოფებში დაბრუნებას ელოდნენ.

უკრაინულ სამხედრო ტერმინოლოგიაში „СЗЧ“ სწორედ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვებას ნიშნავს. ამ სტატუსის მქონე პირები სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებმაც სამხედრო ნაწილი უნებართვოდ დატოვეს და შემდეგ დააკავეს ან სამხედრო სამსახურში დააბრუნეს.

ეროვნული გვარდიის მეთაური ოლექსანდრ პივნენკო ადგილზე მივიდა და შეკრებილებს განუმარტა, რომ შენობაში მძევლები არ იმყოფებოდნენ. მისი თქმით, იქ სამხედროები დროებით იყვნენ განთავსებული, გადიოდნენ შემოწმებას, უფორმდებოდათ დოკუმენტები და შემდეგ სასწავლო ცენტრებში უნდა გადაეყვანათ.

პივნენკოს განცხადებით, შენობაში 18 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. მათ შორის ოთხი იყო პირი, რომელიც სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების შემდეგ დააკავეს და ამ დროებითი განთავსების პუნქტში გადაიყვანეს.

ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა რუსლან მუზიჩუკმაც განმარტა, რომ მობილიზებული სამხედროები სასწავლო ცენტრებში გადაყვანამდე რამდენიმე დღეს სხვადასხვა დროებით პუნქტში ატარებენ. მისი თქმით, ამ პერიოდში მათ დოკუმენტებს უფორმებენ და საჭირო შემოწმებებს უტარებენ.

ამასთან, შენობაში მყოფთა რაოდენობაზე განსხვავებული მონაცემი დაასახელა კირილო ბუდანოვმა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, რომელიც მოგვიანებით ადგილზე მივიდა, განაცხადა, რომ იქ 14 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორ გადაიზარდა შეკრება დაპირისპირებაში

პოლიციის განცხადების შემდეგაც შენობასთან მოქალაქეები იკრიბებოდნენ. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ადგილზე დაახლოებით 100 ადამიანი იყო შეკრებილი, მათ შორის სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებიც. ისინი შენობაში მყოფი პირების გამოყვანას მოითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ სამხედროებს უკანონოდ აკავებდნენ.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, შეკრებილებმა სახლის გალავნისა და ჭიშკრის დაზიანება დაიწყეს. ადგილზე იყვნენ ნიღბიანი ახალგაზრდები და არასრულწლოვნებიც. მოგვიანებით შეკრებილებმა შენობაში შესვლაც სცადეს.

ვითარების გასარკვევად ადგილზე მივიდნენ ეროვნული გვარდიის მეთაური ოლექსანდრ პივნენკო და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი. მათ რამდენიმე მოქალაქეს, მათ შორის იმ ქალსაც, რომელიც თავს სასწრაფო დახმარების თანამშრომლად წარადგენდა, შენობის დათვალიერების შესაძლებლობა მისცეს.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, შენობაში შესულმა მოქალაქეებმა იქ გარდაცვლილი ან წამებული ადამიანები ვერ ნახეს. ამავე გამოცემის ინფორმაციით, ბუდანოვმა შენობაში 14 წლის მოზარდიც ნახა, რომელიც მანამდე გალავნის დაზიანებაში მონაწილეობდა და ეზოში გადავარდა.

თუმცა, მოქალაქეების ნაწილი შენობის დატოვებასა და იქ მყოფი ყველა პირის გამოყვანას კვლავ მოითხოვდა.

მოგვიანებით შენობიდან სამხედროები გამოიყვანეს და ავტობუსში ჩასვეს. სწორედ ამ დროს დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა.

„რადიო თავისუფლების“ ცნობით, ნიღბიანმა ახალგაზრდებმა ავტობუსის საქარე მინა ჩაამსხვრიეს და მისი გადაბრუნება სცადეს. „უკრაინსკა პრავდას“ კორესპონდენტებიც წერდნენ ქვების სროლის, პიროტექნიკის გამოყენებისა და ავტომობილების დაზიანების შესახებ.

დაახლოებით 22:30 საათზე, „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ადგილზე მასობრივი ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო და სროლის ხმებიც გაისმა. გამოცემის ჟურნალისტების ინფორმაციით, შეკრებილები ავტობუსის გასვლასაც აფერხებდნენ.

ბუდანოვი აცხადებდა, რომ შეკრებილები ხელს უშლიდნენ იმ სამხედროების საავადმყოფოში გადაყვანას, რომლებსაც სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ. მან მოქალაქეებს მოუწოდა, ავტობუსისთვის გადაადგილების შესაძლებლობა მიეცათ.

„რადიო თავისუფლების“ კორესპონდენტის ცნობით, ეროვნული გვარდიის სამხედროებმა ტერიტორია საბოლოოდ კონტროლქვეშ აიყვანეს და დაპირისპირება 2 ნოემბრის საღამოს დასრულდა.

ეროვნული გვარდიის მეთაურის, ოლექსანდრ პივნენკოს განცხადებით, ოთხ სამხედრო მოსამსახურეს დაზიანებები ჰქონდა და ისინი სამედიცინო შემოწმებისთვის ეროვნული გვარდიის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

მოგვიანებით ეროვნული გვარდიის პრესსპიკერმა რუსლან მუზიჩუკმა უარყო ინფორმაცია, რომ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს ხერხემალი ჰქონდა მოტეხილი. მისი თქმით, ოთხივე სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანამდე დამოუკიდებლად მივიდა.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, სამხედროების დიაგნოზების გამოქვეყნებას მათი სამედიცინო შემოწმების დასრულების შემდეგ გეგმავდნენ.

2 ნოემბერს ადგილზე მივიდნენ სამხედრო ომბუდსმენის, ოლგა რეშეტილოვას ოფისის წარმომადგენლებიც.

რეშეტილოვამ განაცხადა, რომ ყველა სამხედრო მოსამსახურე უსაფრთხოდ იყო და მათ საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებოდათ. მისი თქმით, დაინიშნა შემოწმება, რომელმაც უნდა დაადგინოს მომხდარის ყველა გარემოება.

3 ნოემბერს რეშეტილოვამ დამატებით განმარტა, რომ მისი ოფისი შეისწავლის, ხომ არ დაირღვა იმ სამხედროების უფლებები, რომლებიც სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების შემდეგ დააკავეს, ასევე ახალი მობილიზებული სამხედროების უფლებები – მათ შორის, სამსახურის გავლის პროცედურებისა და პირობების კუთხით.

პირველი კორპუსის „აზოვის“ განცხადებით, თუ შემოწმებით სამხედროების მიმართ უკანონო ძალადობა დადასტურდება, პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან.

სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ საქმე 3 ნოემბერს აღძრა

3 ნოემბერს უკრაინის სახელმწიფო საგამოძიებო ბიურომ მომხდარზე სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო. საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 426-1 მუხლის მე-5 ნაწილით, რომელიც სამხედრო თანამდებობის პირის მიერ ხელისუფლების ან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ეხება.

ბიუროს განცხადებით, გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს, რა გარემოებებში და პირობებში იმყოფებოდნენ სამხედრო მოსამსახურეები შენობაში, რამდენად კანონიერი იყო მათი იქ ყოფნა და დაკავების გარემოებები, გამოიყენეს თუ არა მათ მიმართ იძულება და რა გახდა დაპირისპირების მიზეზი.

უწყების ცნობით, გამომძიებლები ადგილზე მუშაობდნენ პროკურატურის, ეროვნული პოლიციისა და სამხედრო ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლებთან ერთად. ეროვნული გვარდია გამოძიებასთან თანამშრომლობს.

ბიურო აღნიშნავს, რომ მომხდარის შესახებ ვრცელდება ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები და მათი ნაწილი ამ ეტაპზე სათანადოდ დადასტურებული არ არის. უწყების განცხადებით, ყველა შესაძლო დარღვევა შემოწმდება, ხოლო სამართლებრივი შეფასება მოპოვებულ მტკიცებულებებს დაეფუძნება.

რას ამბობს ზელენსკის ოფისი

3 ნოემბერს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა მომხდარი უკრაინისთვის მიუღებლად შეაფასა. მისი თქმით, სამართალდამცველი უწყებები ყველა გარემოებას სწავლობენ, რათა დადგინდეს პასუხისმგებელი პირები და მსგავსი შემთხვევების განმეორება თავიდან აიცილონ.

ბუდანოვმა განაცხადა, რომ მომხდარი, მისი შეფასებით, „გავლენის გარეშე არ მომხდარა“ და რომ ინციდენტის კონკრეტულ ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დაადგენენ.

ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა დააკავეს ქალი, რომელიც 2 ნოემბერს სასწრაფო დახმარების ავტომობილით მივიდა შენობასთან და თავს კერძო კლინიკა „მედ-პრესტიჟის“ წარმომადგენლად წარადგენდა.

უკრაინული გამოცემა „სუსპილნე“ ბუდანოვზე დაყრდნობით წერს, რომ ქალის ვინაობა ვალენტინა მოლოდაა. „სლიდსტვო.ინფოს“ ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ კლინიკა „მედ-პრესტიჟი“ 2023 წლიდან აღარ ფუნქციონირებს, ხოლო შემთხვევის ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების ავტომობილი მისმა ყოფილმა მფლობელმა 2024 წელს გაყიდა. გამოცემის ინფორმაციით, ქალი ასევე ფლობს პლასტიკური და ესთეტიკური ქირურგიის კლინიკას.

ბუდანოვის მტკიცებით, ქალმა და სასწრაფო დახმარების მძღოლმა ინციდენტამდე სულ მცირე სამი დღით ადრე შენობის ტერიტორია დაათვალიერეს. მან ასევე განაცხადა, რომ ქალის ტელეფონში აღმოაჩინეს ფოტოები და მიმოწერა Telegram-არხების ადმინისტრატორებთან.

არ არის დაზუსტებული, რა სამართლებრივი სტატუსით იმყოფება ქალი დაკავებული, წაუყენეს თუ არა მას ბრალი და რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას.