იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ცოტა ხნის წინ ბრიფინგი გამართა და სახალხო დამცველის გუშინდელ განცხადებას უპასუხა, რომელიც ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხის შემოწმების შემდეგ გააკეთა.
„ჩვენ გვაქვს აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. ქალბატონი ნინო ლომჯარია ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, რომელიც აქტიურად არის ჩართული პატიმარ სააკაშვილის უფლებრივ მდგომარეობის საკითხებში და აქ არის, რა თქმა უნდა, ჩართული ქ-ნ ნინო ლომჯარია. რაც შეეხება მის დასკვნას, მანდ ერთი სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 დაწესებულებაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ომბუდსმენის გუშინდელი განცხადებით, „ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნა ითვალისწინებს გარკვეული სამედიცინო პროცედურების ჩატარებას, რაც, სამწუხაროდ, N18 დაწესებულებაში შეუძლებელია“.
„მაგალითად, ვერ განხორციელდება მაგნიტო-რეზონანსული გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, დუპლექს-სკანირება. ასევე, დაწესებულებაში ამჟამად არ მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგი, თუმცა ადმინისტრაციის განმარტებით, უახლოეს პერიოდში ელოდებიან შესაბამის სპეციალისტებს“, – აღნიშნა გუშინ ომბუდსმენმა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, კონსილიუმის დასკვნის მიხედვით, თუ ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო, უნდა განხორციელდეს მულტიპროფილურ კლინიკაში.
„აქ საუბარი სამოქალაქო კლინიკაზე, რაზეც ზოგიერთი ტელევიზიის წარმომადგენლები და მათ შორის, ზოგიერთი ოპონენტიც საუბრობს, არ ყოფილა“, – ამბობს ის.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიციამ 1 ოქტომბერს თბილისში დააკავა, თუმცა ამ დრომდე არ მართავენ სასამართლო პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ მის წინააღმდეგ სამი საქმის წარმოება მიმდინარეობს. სააკაშვილი 25-ე დღეა, პროტესტის ნიშნად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს.