ჯანდაცვის კომიტეტმა „ნალოქსონის" რეცეპტის გარეშე გაყიდვის რეკომენდაცია გასცა

პუბლიკა

ჯანდაცვის კომიტეტმა „ნარკანის” (ნალოქსონის) სარეცეპტო სიიდან ამოღების შესახებ რეკომენდაცია გასცა, – ამის შესახებ „პუბლიკას” კომიტეტის თანმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განუცხადა.

დღეს პარლამენტში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ანტინარკოტიკული პოლიტიკის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პრეპარატ „ნარკანის“ სააფთიაქო ქსელიდან გაცემის წესის საკითხი განიხილეს.

„ნალოქსონი” ოპიოიდებით გამოწვეული ზედოზირების დროს გამოიყენება. დღესდღეობით, მის საყიდლად აფთიაქში საჭიროა ექიმის რეცეპტის წარდგენა, რაც ხშირ შემთხვევაში არ აქვთ ნარკოტიკების მომხმარებლებს და არც დროა საიმისოდ, რეცეპტის გამოწერაზე ვინმემ ზედოზირების დროს იზრუნოს.

„მიზანია, რომ დავაზღვიოთ ნარკომომხმარებლები ზედოზირების შემთხვევაში ლეტალური გამოსავლისგან, რომ პრეპარატი იყოს ხელმისაწვდომი და საჭიროების შემთხვევაში არ დაიგარგოს დრო”, – ამბობს ხუნდაძე.

მისი განმარტებით, სარეცეპტო სიიდან ამოღებას საკანონმდებლო ცვლილებები არ სჭირდება. ხუნდაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააზუსტოს სია –  აღნიშნული პრეპარატი მეორე ჯგუფიდან (რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტები) უნდა გადაიტანოს მესამე ჯგუფის მედიკამენტების სიაში (მესამე ჯგუფს არის ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების).

როგორც ხუნდაძე ამბობს, სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელიც, ასევე შეხვედრას ესწრებოდა შსს-ს, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოსა და კომიტეტის წევრები. მისივე ცნობით, ყველასგან იყო მზაობა აღნიშნული რეკომენდაციის გათვალისწინების, „ყველა იყო თანახმა”.