დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა და გატარებული ღონისძიებების ანალიზის მორიგ დოკუმენტს აქვეყნებს.
დოკუმენტში ერთ-ერთი ქვეთავი კორონავირუსით განპირობებული სიკვდილიანობის ანალიზს შეეხება – 2020 წლის 23 იანვრიდან 2021 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდის მონაცემებით.
საერთო ჯამში, 2021 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ით განპირობებული ლეტალური შემთხვევების რაოდენობა 8 976-ს შეადგენდა (ლეტალობის მაჩვენებელი 1.46%).
სიკვდილიანობის მაჩვენებლების როგორც რაოდენობრივი, ისე 1 მლნ მოსახლეზე მაქსიმალური მნიშვნელობები დაფიქსირდა 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2021 წლის აგვისტო-სექტემბერში.
თუ სიკვდილიანობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში შევხედავთ, გარდაცვლილთა 51.10% მდედრობითი სქესისაა, 48.90% მამრობითი.
ასაკობრივ ჭრილში, გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 18% 80-84 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა, 17% 70-74 წლის ასაკში.
2020 წლის აპრილიდან 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით COVID-19-ით სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი თბილისში ფიქსირდებოდა. გამონაკლისს წარმოადგენს 2020 წლის ოქტომბერი-ნოემბერი, როდესაც მაქსიმალური წილი დაფიქსირდა აჭარის რეგიონში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ყველა ლეტალურ შემთხვევაში დაავადების მიმდინარეობა იყო მძიმე ან კრიტიკული. სიკვდილის შესახებ სამედიცინო ცნობაში COVID-19-ით გარდაცვლილ პაციენტთა 69%-ს აღენიშნებოდა სხვადასხვა თანმხლები ქრონიკული დაავადება და გართულება.
თანმხლებ დაავადებათა შორის დოკუმენტში იდენტიფიცირებულია შემდეგი დაავადებები:
კარდიო-ვასკულარული დაავადებები (69.1%);
ჰიპერტენზია – 35.3%;
დიაბეტი – 25.5%;
ონკოლოგიური დაავადება – 5.8%
ფილტვის ქრონიკული დაავადება – 4.4%
კორონავირუსის ყველაზე ხშირად იდენტიფიცირებულ გართულებებს შორისაა:
პნევმონია – 74.7%
სუნთქვის უკმარისობა – 73.6%
რესპირაციული დისტრეს სინდრომი – 25.8%
გულის უკმარისობა – 19%