კალაძე: ვამუშავებთ პაკეტს, რომლითაც დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ამუშავებენ დახმარების პაკეტს, რომლითაც სადგურის მოედანთან არსებულ ერთ-ერთ ბაზრობაზე რამდენიმე დღის წინ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გაუწევენ.

მერის თქმით, სარეზერვო ფონდიდან საჭირო სახსრები გამოიყო და  შესაბამისმა კომპანიამ შემთხვევის ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოები დაიწყო. რაც შეეხება ტერიტორიის მოწესრიგების საკითხს, კალაძის თქმით, კონტრაქტორ კომპანიასთან მუშაობის შედეგად, დადგენილია, დაახლოებით, ერთთვიანი ვადა სადემონტაჟო სამუშაოებისა და ნარჩენების გასატანად. შემდეგი ეტაპი აღდგენითი სამუშაოები იქნება.

„ჩვენ ინტენსიურად ვმართავთ სამუშაო შეხვედრებს დაზარალებულ მოვაჭრეთა საინიციატივო ჯგუფთან. მუნიციპალიტეტი ამუშავებს დახმარების პაკეტს, რომლითაც დაზარალებულებს გარკვეულ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. მესმის, რომ ეს დახმარება ვერ იქნება იმის საპირწონე, რა ზიანიც მოვაჭრეებმა მიიღეს, თუმცა, საქმიანობის გასაახლებლად, გარკვეულწილად ხელს გაუმართავს. უკვე მზად ვართ, მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, საინიციატივო ჯგუფის ჩართულობით“, – თქვა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერიას კომუნიკაცია ჰქონდა „საქართველოს ბანკსა“ და „თიბისი ბანკთან“ და მათ მზაობა გამოთქვეს, რომ დაზარალებულებს, რომელთაც ფინანსური ვალდებულებები აქვთ აღებული, საშეღავათო პერიოდი ექნებათ.