ნუ დაარღვევთ ადამიანის უფლებებს და არ დათესოთ პანიკა – ამირან გამყრელიძე მედიას

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მოსახლეობაში პანიკის დათესვისგან და არ დაარღვიონ ადამიანის უფლებები.

„რაც გუშინ ვნახე ინფექციურ საავადმყოფოში, როცა პატარა ჩინელ ბიჭუნას ესაუბრებიან მიკროფონით – აბა, ის გაქვს, ეს გაქვს… არსად, იმ ქვეყნებშიც კი, სადაც დაფიქსირდა ეს ვირუსი, არ არის ასეთი აჟიოტაჟი ატეხილი. ამიტომ გთხოვთ, დავწყნარდეთ და დავაწყნაროთ მოსახლეობა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის თქმითვე, მოსაზრებები ქვეყნის საზღვრების ჩაკეტვის შესახებ არა მარტო ტექნიკურად არის შეუძლებელი, არამედ დისკრიმინაციულიცაა და არღვევს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოდგილის, პაატა იმნაძის თქმით კი, სტიგმის თავის არიდებისგან მოგვიწოდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაც.

„სტიგმისა და დისკრიმინაციის ნიშნები, როგორც ვხედავ, სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობაშიც გაჩნდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმითა და დისკრიმინაციით, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ამ ვირუსს“, – თქვა პაატა იმნაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე.