ე.წ. 3+3 ფორმატზე თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის - ზახაროვა

პუბლიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას თქმით, ე.წ. 3+3 ფორმატთან დაკავშირებით თბილისიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ისმის.

„რუსეთმა მხარი დაუჭირა ამ ინიციატივას. ჩვენ გვჯერა, რომ დროა, გეგმები პრაქტიკულ ნაბიჯებად გადაიქცეს.

რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თბილისიდან ამ მექანიზმში ჩართვაზე ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გვესმის, თუმცა ეს სუვერენული სახელმწიფოს პოზიციაა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ 3+3 ფორმატი რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ერგება“, – ციტირებს მარია ზახაროვას სიტყვებს „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური.

ე.წ. 3+3 ფორმატის შესახებ ინიციატივა შარშან, მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჟეპ ტაიპ ერდოღანმა წამოჭრა. ფორმატი რუსეთის, თურქეთის, ირანისა და სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის ერთ პლატფორმაში ჩართვას გულისხმობს, თუმცა უფრო კონკრეტულ გეგმებსა და საკითხებზე ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.