პრემირ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასა და სააკაშვილის გლდანის ციხეში შესახლების გარემოებებზე შეკითხვები დაუსვეს, თუმცა პრემიერმა ისინი უპასუხოდ დატოვა. თქვა, რომ პატიმრებზე საუბარი პრიორიტეტი აღარაა, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე კი მედია იუსტიციის მინისტრთან გადაამისამართა.
უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტებმა პრემიერს სტრასბურგის გადაწყვეტილების შეფასება სთხოვეს. – ევროსასამართლომ აღნიშნა, რომ სააკაშვილმა შეწყვიტოს შიმშილობა, იმ ფონზე, როცა საქართველოს მთავრობა ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ შიმშილობს. – მიმართეს ჟურნალისტებმა ღარიბაშვილს.
„ბუნებრივია, გავეცანით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ბატონი იუსტიციის მინისტრი გააკეთებს ამ თემაზე ბრიფინგს უახლოეს რამდენიმე საათში და ვრცლად განმარტავს.
მე არ მსურს, ამ თემაზე ვრცელი კომენტარი გავაკეთო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. იუსტიციის მინისტრი წარდგება საზოგადოების წინაშე და გააკეთებს განმარტებას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
გლდანის ციხის კლინიკაში სააკაშვილის შესახლების გარემოებებსა და შეფასებებზე კომენტირებისას კი პრემიერმა აღნიშნა, რომ „პატიმარსა და პატიმრებზე“ საუბარი დაასრულა.
„ქვეყანაში არის უამრავი საკითხი და პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება“, – განაცხადა მან.