სუსთან მიმდინარე აქციაზე მონაწილეებს კორპუსიდან ქვები ესროლეს - მელია

პუბლიკა

გავრცელებული ინფორმაციით, მოდულის შენობასთან მიმდინარე აქციაზე  რამდენიმე ადამიანმა ქვების სროლის შედეგად დაზიანებები მიიღო. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ დაშავებულია ორი ადამიანი. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების მანქანა.

„პუბლიკის“ კორესპონდენტის თქმით, დაინახა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომელსაც თავიდან სისხლი სდიოდა. ის ახლა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმყოფება.

თვითმხილველების თქმით, კორპუსიდან აქციის მონაწილეების მიმართულებით ქვები ისროლეს. ნასროლი ქვები მედიას აქციის ორგანიზატორმა და ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აჩვენა.

როგორც „პუბლიკას“ სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამედიცინო დახმარება ერთ პირს გაუწიეს.

„პუბლიკა” დაუკავშირდა შს სამინისტროს. ასევე სასწრაფო დახმარების სამსახურს. დაშავებულებზე ინფორმაციას მიღებისთანავე განვაახლებთ.