პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარს ეხმაურება, რომელზეც მიხეილ სააკაშვილის საკითხიც განიხილეს.
ღარიბაშვილის განცხადებით, სატელეფონო საუბრისას, რომელიც ზელენსკის ინიციატივით შედგა, უკრაინის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა, რაზეც მან განუცხადა, რომ პატიმარი სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლების პირველივე დღიდან, ისევე როგორც სხვა პატიმრები, იმყოფება მონიტორინგის ქვეშ და მას 24-საათიან რეჟიმში შესაბამისი სამედიცინო მომსახურება ეწევა.
„ვოლოდიმერ ზელენსკიმ ითხოვა, რომ განხილული იყოს შესაძლებლობა, რომ უკრაინელ ექიმებს მიეცეთ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქართველი პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური ექიმები ზრუნავენ“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს საშუალება ეძლევა, მოინახულოს როგორც მისმა ადვოკატებმა, ოჯახის წევრებმა, ასევე საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა და შესახლების დღიდან მას ასზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა.
„პრეზიდენტი ზელენსკი საუბარში შეეხო პატიმარი სააკაშვილის ციხის ჰოსპიტალში გადაყვანის საკითხს, რაზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს განუცხადა, რომ მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაწესებულების თანამშრომლებსა და ექიმებს.
შესაბამისად, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.
სატელეფონო საუბრისას საქართველოს მთავრობის მეთაურმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედებები შეაფასა როგორც პროვოკაციული, დესტრუქციული და ქვეყნის სტაბილურობისთვის საფრთხის შემცველი და განაცხადა, რომ უკრაინის მოქალაქეების მიერ საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა მიუღებელია“, – აცხადებს ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, მან უკრაინის პრეზიდენტს ასევე განუცხადა, რომ ძებნილმა სააკაშვილმა უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი, მაშინ როცა იგი უკვე იყო მსჯავრდებული და ბრალდებული სხვა მძიმე დანაშაულებებისთვის.