„ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე.
„ინფლაციასთან დაკავშირებით მდგომარეობა არის რთული. გასული წლის დეკემბრიდან მე ამ საფრთხეებზე ვსაუბრობდი. ფასების ზრდის რისკზე ვსაუბრობდი, ვპროგნოზირებდი. დღეს ეს პროგნოზი, სამწუხაროდ, რეალობა გახდა. ფასები არის ასტრონომიულად გაზრდილი და მძიმე ტვირთად აწვება როგორც მოსახლეობას, თითოეულ ჩვენგანს, ასევე საქართველოს ეკონომიკას. საჭიროა და აუცილებელია მეტი კოორდინაცია, უფრო ხისტი, მკვეთრი და დროული მონეტარული გადაწყვეტილებები ხელისუფლების მხრიდან და ინფლაცია უნდა დაითრგუნოს. ეს არის აუცილებელი. ჩვენს წინაშე ორი მთავარი გამოწვევაა – კოვიდინფექცია და ინფლაცია. როგორ გავუმკლავდებით ამ ორ პრობლემას, ამაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის, საზოგადოების და ეკონომიკის მომავალი“, – განაცხადა კოვზანაძემ.