„თვითონ როდესაც ფორთხავდა აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი რომ გარბოდა სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა, მაშინ უხერხულობა კი არ მქონდა, შემრცხვა“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილის გლდანის დაწესებულებაში ძალის გამოყენებით შეყვანის კადრებზე საუბრობდა.
„უხერხულობაზე უფრო მეტსაც გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თვითონ ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ. თვითონ როდესაც ფორთხავდა აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი რომ გარბოდა სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა, მაშინ უხერხულობა კი არ მქონდა, შემრცხვა. დარწმუნებული ვარ, თქვენც ასე იყავით. მისი ფორთხვა რომ ვნახეთ, ყველა ქართველს მისი საქციელის შერცხვა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მდინარაძემ ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური დაწესებულების მიერ გამოქვეყნებული კადრებით ყველა ტყუილი გამოაშკარავდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათი ტელევიზიები და ე.წ. მედიამენეჯერები თავად ითხოვდნენ, რომ თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროვონ კადრებიო. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოეწონათ, ამის შემდეგ გადავიდნენ სხვა კამპანიაზე – თითქოს ეს კადრები უხერხულია. დიახ, ძალიან უხერხულია, როდესაც ეს ადამიანი ისე იქცევა, რომ პენიტენციური სისტემის წარმომადგენლები იძულებული ხდებიან გამოიყენონ ლეგიტიმური ძალა, აიყვანონ ხელში და ისე განათავსონ პალატაში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის შეყვანის კადრები მისთვის სასიამოვნო სანახავი არ იყო, რადგან ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა არ უხარია.
„როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ, პატიმარი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართაც იძულებითი ღონისძიება უნდა გამოიყენონ, რადგან სხვაგვარად ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას სამართალდამცველები, ეს სასიამოვნო სანახავი არცერთ შემთხვევაში არაა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მიხეილ სააკაშვილი 43-ე დღეა შიმშილობს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, გუშინ სააკაშვილმა განაცხადა რომ მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა თუ რეაბილიტაციის ეტაპს სამოქალაქო კლინიკაში გაივლის.
ვიდეო ► პენიტენციური გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის შესახლების კადრებს ავრცელებს
11 ნოემბერი, 2021