„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და კიდევ უფრო დამძიმდა: – ამის შესახებ მისი ადვოკატი, ნიკა გვარამია საგანგებო ბრიფინგზე აცხადებს.
მისი თქმით, „არანაირი გამოხმაურება ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯზე, რომ მიხეილ სააკაშვილი მზადაა შეწყვიტოს შიმშილობა იმ პირობებში, როდესაც იქნება შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციისთვის შესაბამის კლინიკაში გადაყვანილი, არ ყოფილა”.
გვარამია მაბობს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის გლდანის ციხეში შიმშილობის შეწყვეტა უფრო საფრთხის შემცველია, ვიდრე შიმშილობის გაგრძელება.
„ჩვენ გვაქვს ახალი დასკვნა, რომელიც მძიმეა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის კონდიცია ძალიან მძიმეა, მაგრამ მთავარი არის მისი სამართლებრივი სტატუსი. ის იმყოფება უწყვეტი წამების ქვეშ, არ ხდება რეალურად მისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და რეალურად ხდება მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, ვერ აღებს ფანჯარას, ვერ აქრობს შუქს იმიტომ, რომ ნებისმიერ ასეთ ვითარებაში იწყება სააკაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური შტურმი, არა მხოლოდ გინება, მუქარები – ახლა შემოვალთ და გაგისწორდებით! შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილს არც სძინავს და იმყოფება წამების ორი ფორმის ქვეშ – მუდმივი ხმაურის და ანთებული შუქის პირობებში. საერთაშორისო კონვენციებით ეს წამების ძალიან მძიმე ფორმად ითვლება, როდესაც ადამიანს დაძინების საშუალებას არ აძლევენ.
მიხეილ სააკაშვილისთვის ყოველი საათი არის წამების საათი და ყოველი წუთი ატარებს სასიცოცხლო მნიშვნელობას, ამიტომ ჩვენ მივმართავთ სახალხო დამცველს კონსილიუმი პარიტეტულ საწყისებზე შეიქმნას მისი ეგიდით: გიორგი ბერულავა- ექსპერტი ფსიქიატრი, კახაბერ ბერაძე – ექსპერტი ფსიქოლოგი, ოთარ თოიძე – ექსპერტი ნევროლოგი, პროფესორი, ლალი ჯავაშვილი – ექსპერტი ენდოკრინოლოგი, პროფესორი; მარინე აბაშიძე – ექსპერტი ჰემატოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, პროფესორი; ლევან ბესელია – ექსპერტი გადაუდებელ მედიცინაში, ანესთეზიოლოგ- რეანიმატოლოგი; მარიამ ჯიშკარიანი – შემთხვევის სუპერვაიზორი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი, ცენტრი ემპათიას“ ხელმძღვანელი და ნიკა ყიფშიძე, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი – ეს 8 ადამიანი, ვისაც ეკუთვნის დასკვნა, ვითხოვთ ამ დასკვნის გათვალისწინებას სახალხო დამცველის მხრიდან და პარიტეტულ კომისიაში ამ 8 ადამიანის შეყვანას.
ასევე მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, თვითონ წარმოადგინონ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილ კომისიაში ასევე 8 წევრი. ვენდობით სრულად კონსილიუმის იმ შემადგენლობას, რომელიც დღეს აღარ მოქმედებს. ასევე შესაძლებელია, სახალხო დამცველმაც შეიყვანოს თავისი წარმომადგენლები ამ კომისიაში, თუ ამას საჭიროდ ჩათვლით“, – თქვა გვარამიამ.