ქუთაისელი ექიმების მიმართვა სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე

პუბლიკა

ქუთაისში სხვადასხვა კლინიკის ექიმებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს. ისინი საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ექიმები მიიჩნევენ, რომ ციხის საავადმყოფო იმ მომსახურებას ვერ უზრუნველყოფს, რაც სააკაშვილს სჭირდება. ექიმი მაგული ჩხობაძე ამბობს, რომ ექიმების პროტესტში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა ყოველ წუთს იზრდება.

„დღეს უკვე 47-ე დღეა, რაც შიმშილობს ბ-ნ მიხეილ სააკაშვილი. ჩვენ, ექიმებმა ძალიან კარგად ვიცით, თუ რა პროცესები ხდება დღეს მის ორგანიზმში. ამიტომ დავდექით ფეხზე ყველანი ერთად და ყოველ წუთში გვემატება ხალხი გასაპროტესტებლად იმისა, რომ აუცილებლად უნდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიპროფილურ კლინიკაში, სადაც დაიწყება მისი შემდგომი კვლევა და შესაბამისი მკურნალობა.

ჩვენთვის, ღირსეული ხალხისა და საზოგადოებისთვის, აბსოლუტურად მიუღებელია, რომ არ ვიდგეთ დღეს ფეხზე და არ ვითხოვდეთ, სწორად განვითარდეს მოვლენები ბ-ნ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობისთვის“, – განაცხადა მაგული ჩხობაძემ „ფორმულასთან“.

კიდევ ერთი ექიმი, ნატალია ბაბუხადია, ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სპეციალურ მიდგომა სჭირდება და საჭიროა მულტიპროფილური გუნდი მის სამკურნალოდ.

„ჩემთვის პირადად საგანგაშო ნიშანი იყო გუშინწინ გაჟღერებული, რომ პრეზიდენტს აღენიშნა ყავის ნალექის მსგავსი პირღებინება. ეს იყო ისეთი ნიშანი, რომელიც, მე თვითონ ენდოსკოპისტი გახლავართ, ეს მოითხოვს არა მარტო ენდოსკოპისტის, გასტროენტეროლოგის, რეანიმატოლოგის, ასევე ქირურგის ჩართულობას. რაც ძალიან მეეჭვება, უზრუნველყოფილი იყოს ციხის საავადმყოფოში. ეს არის იმდენად კომპლექსური პათოლოგია, ისეთ მიდგომას საჭიროებს, რომ აუცილებელია მულტიპროფილურ, კარგად, ერთად შემუშავებულ გუნდთან ერთად იყოს ეს პათოლოგია წაყვანილი“, – აღნიშნა ნატალია ბაბუხადიამ.

იხილეთ ექიმების მიმართვის ტექსტი, რომელსაც ადგილობრივი მედია, infoimereti.ge ავრცელებს. 

„ჩვენ ყოველდღიურად ვუყურებთ როგორ მძიმდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 47-ე დღეა, შიმშილობს. გლდანის სასჯელაღსრულების სისტემის მე-18 სამკურნალო დაწესებულება ვერ უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფუნდამენტურ და აბსოლუტურ უფლებას. ამიტომ, კატეგორიულად მოვითხოვთ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანოთ პოლიპროფილურ სატიონარში, რათა მოხერხდეს მისთვის კვალიფიციური სამედიცინო სერვისის მიწოდება.

თავისუფლებააღკვეთილი პირების ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობა განსაზღვრულია როგორც საერთაშორისო სტანდარტებით, ასევე საქართველოს კანონმდებლობით. მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი ექიმის, როგორც მორალური, ასევე პროფესიული ვალდებულებაა, შეუერთდეს ჩვენს მოწოდებას!“, – აღნიშნულია მიმართვაში.


1 ოქტომბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დააკავეს. დაიწყო გამოძიება მის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის ცნობით, სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს და თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს.

სააკაშვილი მსჯავრდებულია ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის საქმეებზე და სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, აგრეთვე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი – 9 024 367 ლარის მისი პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.