„მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების დაანონსებაა“ – ენმ შსს-ს განცხადებაზე

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება. პარტიის საჯარო განცხადებაში ნათქვამია, რომ სამინისტრო თავის განცხადებაში, რომ მსვლელობის მონაწილეები არღვევენ საქართველოს კანონს და კონსტიტუციას, არასწორად განმარტავს საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.

ენმ-ის შეფასებით, ეს განცხადება მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავების დაანონსებაა.

„რაც მიმართულია დაანონსებული აქციის ხელშესაშლელად და წარმოადგენს მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებების დაანონსებას.

საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით დაცულია შეკრების თავისუფლება, „ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.“ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება.

შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება ვალდებულება არა მხოლოდ დაიცვას მშვიდობიანი შეკრება, არამედ განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, პირთა მიერ ხსენებული უფლების ეფექტიანი რეალიზების უზრუნველსაყოფად.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ საჯარო განცხადებით წინასწარ იქნა გაფრთხილებული ყველა შესაბამისი ორგანო, რომ ზემო ხსენებული მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართებოდა შეზღუდული დროის მონაკვეთში 15:00 საათიდან 17:00 საათამდე. წინასწარი გაფრთხილების მექანიზმის არსებობის ერთადერთი მიზანია სახელმწიფო ორგანოებისათვის შესაძლებლობის მიცემა, მიიღოს სათანადო ზომები, რათა უზრუნველყოს შეკრებისა ან/და მანიფესტაციის უფლების განხორციელება.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და შესაბამის სტრუქტურებს უზრუნველყონ შეკრების მშვიდობიანად ჩატარება და კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულება.

კერძოდ, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 პრიმა მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, „შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, ტრანსპორტის სავალი ნაწილის გადაკეტვის აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ვალდებულია უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება და ტრანსპორტის სავალი ალტერნატიული მარშრუტის განსაზღვრა“.– ნათქვამია განცხადებაში.