ოპოზიციის მხარდამჭერებმა მსვლელობით „ავლაბრის“ მეტროდან მარჯვენა სანაპიროსკენ გადაინაცვლეს და საავტომობილო გზა გადაკეტეს.
მსვლელობის მონაწილეები ახლა „მშვიდობის ხიდის“ მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ნაციონალური მოძრაობის აქცია-მსვლელობის პარალელურად, სანაპიროზე გამოჩდნენ ყვითელი ავტობუსები, რომლებშიც სამართალდამცავები სპეციალური აღჭურვილობით იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადება გაავრცელა. უწყებაში ამბობენ, რომ კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება: „ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს“.