ლევან ხაბეიშვილს ირაკლი ზარქუას ცემის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალი წარუდგინეს

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ირაკლი ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტზე, საპროცესო მოქმედების წარმართვის მიზნით, თბილისის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი საგამოძიებო ორგანოში იყო დაბარებული. საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ უწყებამ ზარქუას მიმართ ძალადობის ფაქტზე მას ბრალი წაუყენა.

„მე და ზარქუას ერთნაირი დაზიანებები გვქონია. ამას ამბობს გამოძიება. საზოგადოებამ თავად განსაჯოს, რამდენად ნორმალურია ეს პროცესი, რაშიც ვართ. დაგეგმეს პროვოკაცია, ჯგუფური ძალადობა და ახლა ამბობენ, ხაბეიშვილი დაგვესხა თავსო“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ.

დღეს პროკურატურამ საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, თბილისის საკრებულოს წევრებს – ალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძესა და თარაშ შურღაიას წარედგინათ ბრალდება დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული მუხლი გულისმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2 წლამდე.