თუ კონსილიუმის რეკომენდაციები იქნება, ვიმოქმედებთ პაციენტის საუკეთესო ინტერესებით - ბრეგაძე

პუბლიკა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გამართა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის და ინფორმაცია საზოგადოებას მისი ჯანმრთელობის შესახებ მუდმივად მიეწოდება.

მან ასევე თქვა, რომ თუკი დადგება საჭიროება კონსილიუმის რეკომენდაციის შესაბამისად პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

„კონსილიუმი შეიქმნა ჩვენი ინიციატივით, მივმართეთ ჯანდაცვის სამინისტროს. მაშინ მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა  რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, რომელიც არ არის სამკურნალო დაწესებულება. მოგეხსენებათ, ეს არის პენიტენციური დაწესებულება  და დღეს როდესაც იგი იმყოფება მე-18 დაწესებულებაში, ბუნებრივია, ის არის ექიმების უფრო მჭიდრო მეთვალყურეობის ქვეშ, მასზე ზრუნავს კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი.

როდესაც დადგება საჭიროება იმის, მოწვეული იყოს კონსილიუმი, დამატებით თუ გახდება საჭიროება რომ მივიღოთ რეკომენდაციები, ბუნებრივია, ჩვენ ვიმოქმედებთ პაციენტის ჯანმრთელობის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, “- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.