ბრეგაძე განმარტავს, რატომ არ მიეცა უკრაინის სახალხო დამცველს სააკაშვილთან შესვლის უფლება

პუბლიკა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ არ მისცეს უკრაინის სახალხო დამცველს ლუდმილა დენისოვას მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.

გუშინ საქართველოში მყოფმა დენისოვამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყველა საჭირო დოკუმენტები გაგზავნა შესაბამის სამსახურებში და იუსტიციის სამინისტროსგან ნებართვას ელოდებოდა მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად.

„რაც შეეხება არშესვლის მიზეზს, არშესვლის მიზეზი ჩვენ განვმარტეთ. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ – საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა, არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება. შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებულნი ვართ,  მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და სწორედ ამ მოტივით ქალბატონ სახალხო დამცველს ჯერჯერობით არ იქნება შეშვებული და ასევე ბუნებრივია. შემოსულია წერილი საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით და რასაკვირველია, ჩვენ აუცილებლად დავუბრუნებთ პასუხს…

წინა შემთხვევაში, როდესაც ქალბატონმა დენისოვამ გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა, მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია.

პირველად, როცა ქალბატონი დენისოვა ბრძანდებოდა და მე-12 დაწესებულებაში, როდესაც გამოვიდა, მან გააკეთა მხოლოდ და მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და კითხვაც კი არ დაუსვამს იმის შესახებ, შეესაბამებოდა თუ არა ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს, სინამდვილეს“, – განაცხადა ბრეგაძემ.

უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ მიხეილ სააკაშვილი ციხეში 27 ოქტომბერს მოინახულა.