მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, ვურეკავდი, ვწერდი, მაგრამ არ მიპასუხა - დენისოვა

პუბლიკა

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთანაა. მისი თქმით, ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვებენ.

როგორც უკრაინის სახალხო დამცველი ამბობს, მას სურს, შეხვდეს გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს და საპატიმროს მთავარ ექიმს.

„ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ უარი მივიღეთ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა მზადდება ოფიციალური პასუხი და გვეცოდინება, მაგრამ უკვე აქ ვართ და მინდა, შევხვდე ციხის ხელძღვანელს და დაწესებულების მთავარ ექიმს.

ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე იმის შესახებ, როგორ ჩაატარებეენ რეანიმაციას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. ასევე, მინდოდა შეხვედრა იუსტიციის მინისტრთან, ვურეკავდი და ვწერდი მას, თუმცა არ გვიპასუხა“, – აცხადებს ლუდმილა დენისოვა.

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა გუშინ ჩამოვიდა საქართველოში. მას სურდა საქართველოს მესამე პრეზიდეტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა. მიხეილ სააკაშვილი 47-ე დღეა შიმშილობს.

დღეს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ არ მისცეს უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.