ის კადრები, რაც ვნახეთ იყო უღირსობა, ადამიანური უპირატესობა დაკარგეთ - ელისაშვილი „ოცნებას“

პუბლიკა

„მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში დღევანდელ სხდომაზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის ვიდეოკადრები შეაფასა. ელისაშვილმა თქვა, რომ კორონავირუსის გამო მკურნალობდა, ამიტომ აქამდე არ ჰქონდა საშუალება, განვითარებული მოვლენები შეეფასებინა.

„ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდა „ქართულ ოცნებას“ (კორუფცია, ნეპოტიზმი -ამაზე გასაყვედურობთ, მაგრამ…).  ადამიანებს ექცეოდით ადამიანურად და მით უმეტეს ციხეში, მაგრამ ამ კადრების გავრცელება… მე სააკაშვილისადმი რა დამოკიდებულებაც მქონდა, ის მაქვს და პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, იყო შეურაცხყოფა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი, ყოფილი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების, არაჟნის ყუთებით იპარება და შეურაცხყოფას აყენებს სახელმწიფოს, რომელსაც ხელმძღვანელობდა… მაგრამ ამის გათვალისწინებით ის კადრები, რაც ვნახეთ, იყო უღირსობა. ის უპირატესობა, რაც გქონდათ ადამიანური დიდი უპირატესობა, თქვენ დაკარგეთ. არ ვიცი, ამას გრძნობთ? ვერ გრძნობთ? პოლიტიკას ხო ორი განზომილება აქვს ადამიანური და პრაგმატული, პრაგმატულადაც დაზიანდით და სახელმწიფოც დააზიანეთ და ადამიანურადაც იყო დამაზიანებელი, უღირსობა ვნახეთ“, – ამბობს ელისაშვილი.