ე.წ. საზღვრის კვეთის საქმეზე სასამართლო სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. მოსამართლემ დაცვის მხარის ყველა შუამდგომლობა, მათ შორის, მოსამართლისა და ბრალდების მხარის აცილება, არ დააკმაყოფილა.

პროცესს არ ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლის ინფორმაციით, მას შესთავაზეს დისტანციური ჩართვა, თუმცა ამაზეც უარი განაცხადა.

მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ მოთხოვნა გაგზავნა პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლის თანახმადაც, თუკი ბრალდებული სასამართლოში ვერ წარდგებოდა, მას დისტანციურ რეჟიმში მიეღო მონაწილეობა.

ადვოკატებმა მოსამართლეს იმ დოკუმენტის ჩვენება მოსთხოვეს, რომელიც სასამართლომ პენიტენციურ დაწესებულებას გაუგზავნა, რაზეც მოსამართლისგან თავდაპირველად უარი მიიღეს, ადვოკატების შუამდგომლობების შემდეგ კი დოკუმენტი აჩვენა.

„რა დაქოქილი თოჯინასავით ლაპარაკობთ? თქვენ თავს აყენებთ შეურაცხყოფას. ერთსა და იმავეს საუბრობთ დისტანციურ ჩართვაზე. თქვენი მიზანი არის, რომ სააკაშვილი აქ არ იყოს. ამ ტონით ნუ ლაპარაკობთ, როდესაც უკანონო დავალებებს ასრულებთ, როდესაც არ აძლევთ სამართლებრივ შეფასებას, როდესაც არ მოგყავთ მიხეილ სააკაშვილი აქ. მე ხელი დამიბანია, მოთხოვნა ხო გავგზავნე, იმასაც ვერ ბედავთ, დედანი დოკუმენტები გვაჩვენოთ“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიამ მოსამართლეს შეკითხვით მიმართა, რატომ არ ეცნობა ადვოკატებს, რომ სასამართლო ბრალდებულის დისტანციურად ჩართვას მოითხოვდა და რა ნორმაზე დაყრდნობით, რადგან წერილის გაგზავნისას ცნობილი არ იყო, გადმოიყვანდნენ თუ არა.

„პენიტენციურ სამსახურს გაეგზავნა მოთხოვნა, რომ სასამართლოში წარმოედგინათ მიხეილ სააკაშვილი, ან დისტანციურად წარმართულიყო პროცესი, ამ შემთხვევაში სასამართლოს მხარის თანხმობა არ სჭირდება“, – განაცხადა მოსამართლე კურტანიძემ.

კამათი იყო დაცვის მხარესა და მოსამართლეს შორის მიმართვის ფორმის გამო.

მოსამართლე დავით კურტანიძემ ადვოკატებს შენიშვნა მისცა, არ მიემართათ მისთვის, როგორც „ბატონი დავითი“, რაზეც ბექა ბასილაიამ უპასუხა: „ბიჭოთი ნუ მომმართავთ. თქვენ სახელით მომართვა არ გსიამოვნებთ და ბიჭოთი უნდა მომმართოთ?!“.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მოითხოვენ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში მიყვანას ან მკაფიო და სამართლებრივ საფუძველს, რატომ არ უნდა ჩატარდეს სხდომა სასამართლო დარბაზში.

ადვოკატებს აქვთ მოლოდინი, რომ არც ერთ სხდომაზე არ წარადგენენ სააკაშვილს.

როგორც პროკურორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, სასამართლოზე განიმარტა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების გამო ვერ მიიყვანდნენ პროცესზე. მისი შეფასებით, დაცვის მხარეს არაპროფესიონალური გამოსვლები და დასაბუთებები ჰქონდა და მათი მტკიცება, რომ სააკაშვილს სასამართლოს წინაშე სურს გამოსვლა, აბსურდი და სპეკულაციაა.

საზღვრის კვეთის საქმეზე მომდევნო სასამართლო დეკემბერში გაიმართება.