სტრასბურგმა, პროცედურული მოტივით, უარი გვითხრა სააკაშვილის საქმეში მე-3 მხარედ ჩართვაზე - ლომჯარია

პუბლიკა

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ომბუდსმენის აპარატს დროებითი ზომის ფარგლებში სააკაშვილის საქმეზე მე-3 მხარედ ჩართვაზე უარი განუცხადა.

„დღეს სტრასბურგის სასამართლოსგან მივიღეთ წერილი, სადაც გვეუბნებიან, რომ, სამწუხაროდ, ვერ მიიღებენ ჩვენს თხოვნას დროებითი ღონისძიების პროცესში ინფორმაციის წარდგენაზე, რადგანაც, როგორც სასამართლომ თქვა, ამას მათი პროცედურით მხოლოდ არსებითი განხილვის დროს ითვალისწინებს სასამართლო. ანუ მათ უარი გვითხრეს პროცედურული მოტივით.

როგორც გითხარით, აქამდე ასეთი პრეცედენტი არ არსებობდა, თუმცა ჩვენ მაინც ვცადეთ, რომ შექმნილიყო მსგავსი პრეცედენტი იმიტომ, რომ პირდაპირ უარი და აკრძალვა სტრასბურგის რეგულაციებში ამაზე არ იყო. თუმცა სასამართლო, მაინც როგორ იცით, ცოტა ტრადიციული და კონსერვატიულია, და გვითხრა, რომ სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენს შეთავაზებას პროცედურის გამო ვერ მიიღებდა“, – აღნიშნა  ლომჯარიამ „TV პირველის“ ეთერში ლიეტუვიდან ჩართვისას.

როგორც ომბუდსმენმა განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი სტრასბურგის სასამართლოს არსებით ეტაპზე მიმართავს.


გუშინ ლომჯარია განმარტავდა, რომ თუ სტრასბურგის სასამართლო დააკმაყოფილებდა სახალხო დამცველის მიმართვას, მაშინ ომბუდსმენს ექნებოდა შესაძლებლობა, უშუალოდ წარედგინა სტრასბურგის სასამართლოსთვის მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის ადვოკატი ნიკა გვარამია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშილი თანახმაა გორს ჰოსპიტალში გადასვლაზე და შემდგომ უკვე შეწყვეტს შიმშლობას.

ნიკა გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გადაიყვანენ.