მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალში შეიყვანეს - მედია

პუბლიკა

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეიყვანეს. რეანიმობილმა, რომელსაც თან ახლდა სპეციალური ესკორტი, გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულება დაახლოებით 00:17-ზე დატოვა.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში კი ჩანს, რომ რეანიმობილი, პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟთან ერთად, გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

„პუბლიკა“ ინფორმაციის ოფიციალურად დასადასტურებლად იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებას ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.


19 ნოემბერს, შუადღისით, იუსტიციის მინისტრმა ბრიფინგი გამართა და მიხეილ სააკაშვილს გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

მიხეილ სააკაშვილის პასუხი გლდანის მე-18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადვოკატმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე საათის წინ გამოიტანა და მედიასთან წაიკითხა.

„მე დავთანხმდი ჩემს მიერ აშენებული გორის ჰოსპიტალში გავემგზავრო ჩემს მიერვე აშენებული ავტობანით და იქ განთავსებისთანავე შევწყვიტო შიმშილობა, “- განაცხადა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

იუსტიციის მინისტრის ინფორმაციით, სააკაშვილი, მკურნალობის შემდეგ, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდება.