დაუყოვნებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ერთი ადამიანი მოგვიწოდებდა - ალასანია

პუბლიკა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ამბობს, რომ ახლა დაუყოვნებლივი აქტიურობაა საჭირო და არა შესვენება.

მან ამის შესახებ ჟურნალისტებთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ისაუბრა.

„გუშინ მოვისმინე, ერთი ბრძენი ადამიანის განცხადება, რომ ვითომ თურმე ნუ იტყვი და ამისმა [სააკაშვილის] 50-დღიანმა შიმშილობამ დააზიანა თურმე ოპოზიციური მოძრაობა, წარმოგიდგენიათ? სადმე, ვინმეს გაუგია, ასეთი ისტორიული ფაქტი, რომ გმირის გმირობა აზიანებდეს რაიმე მოძრაობას?

დაუყოვნებლივი აქტიურობა, არავითარი შესვენება, როგორც გუშინ ადამიანი მოგვიწოდებდა, თურმე საზოგადოება ისე დაიღალა ამის შიმშილობით, ახლა უნდა წამოწვე მხარ-თეძოზე, დიდხანს დაისვენო. ასეთი რამე არ გამიგია“, – ამბობს გიული ალასანია.

გუშინ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ  „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავისთვის გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ ოპოზიცია კვირის ბოლოს საზოგადოებას წარუდგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას.