გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი გლობალური აქტივიზმი იწყება

პუბლიკა

„გაანარინჯისფრე სამყარო, დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლა!“ – ამ გზავნილით გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება.

წელს აქტივიზმის მთავარი აქცენტი სექსუალურ ძალადობასა და იმ ადამიანების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოვლენაზე კეთდება, რომლებსაც ძალადობის ეს ფორმა გამოუცდიათ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქსტატის მიერ ჩატარებული ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის (2017 წელი) მიხედვით,  საქართველოში ქალების 9%-ს სექსუალური ძალადობა ჯერ კიდევ ბავშვობაში გამოუცდია, თუმცა იგი კვლავაც ერთ-ერთ ყველაზე დაფარულ დანაშაულად რჩება. ქალები დუმილს ხშირად იმიტომ ირჩევენ, რომ საზოგადოება მომხდარში სწორედ მათ ადანაშაულებს.

მაგალითად, კაცების 36%-სა და ქალების 31%-ს მიაჩნია, რომ გაუპატიურების მიზეზი მსხვერპლების წინდაუხედაობაა. 16-დღიანი აქტივიზმი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ დუმილის დასარღვევად, იმ ქალების მხარდაჭერა, რომლებსაც ძალადობა გამოუცდიათ, ძალიან მნიშვნელოვანია.

წელს, 25 ნოემბერს, ტრადიციულად ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, დედაქალაქის მერიასთან თანამშრომლობით, ანძა ნარინჯისფრად განათდება და ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი მსოფლიოს სხვა დედაქალაქების მსგავსად გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გზავნილს შეუერთდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ცნობით, კამპანიას სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველი მორაგბეებიც, რომლებიც „შემოდგომის ერთა სერიებს“ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას მიუძღვნიან და მოედანზე სათამაშოდ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ლოგოიანი კვართებით გავლენ. ამ ჟესტით ისინი კიდევ ერთხელ შეახსენებენ მსოფლიოს, რომ ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ნებისმიერ თამაშზე მნიშვნელოვანია.


გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს. წელს გლობალური კამპანიის მთავარი ფოკუსი სექსუალური ძალადობაა. ის 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს დასრულდება.