მნიშვნელოვანია ობიექტური გამოძიება - დოლიძე ენმ-ის გარდაცვლილ დეპუტატზე

პუბლიკა

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე ბათუმში ახლად არჩეული საკრებულოს გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ანა დოლიძე ამბობს, არ შეიძლება ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალება შეფასების გარეშე დარჩეს. მის თქმით, შანტაჟსა და ზეწოლაზე გაჩენილ კითხვებს აუცილებლად სჭირდება პასუხები, რისთვისაც მნიშვნელოვანია ობიექტური გამოძიება.

„ჩვენ ქვეყანაში უკვე სისტემატურ ხასიათს იღებს პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი დანაშაულები, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტებს სამართალდამცველების მხრიდან რეალური შეფასება არასდროს მოჰყოლია. ამის მაგალითი ვარ მე თავად, რომელიც საარჩევნო კამპანიის დროს არაერთხელ გავხდი ადევნების, თვალთვალის თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ობიექტი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ხუთ საქმეზე მაქვს განცხადება შეტანილი, მათ შორის, ჩემს სახლში მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებაზე, რაც სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა. ფორმალურად ყველა ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მაგრამ შედეგი დღემდე არ ჩანს.

კიდევ ერთხელ მოვითხოვ, ჩემ და ყველა პოლიტიკურ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარდეს გამოძიება, მიეცეს ობიექტური შეფასება, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ოპონენტებზე შანტაჟი და ზეწოლა“, – ამბობს ანა დოლიძე.


გუშინ ბათუმის მერობის ყოფილმა კანდიდატმა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ ბრიფინგი გამართა. მან ბათუმის ახლად არჩეული საკრებულოს გარდაცვლილი წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრა და აუდიოჩანაწერები წარმოადგინა.

გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.