თბილისში პროკურატურის შენობასთან ოპოზიციური პარტიების ნაწილმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.
პროკურატურის შენობასთან საყვირებითა და ბანერებით „დროას“, „ლელოს“, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ და „სირცხვილიას“ წევრები შეიკრიბნენ. მათ ბათუმის საკრებულოს ახალარჩეული ოპოზიციონერი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე გააპროტესტეს. ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზად ისი თანაგუნდელები ხელისუფლების მხრიდან სავარაუდო დაშინებას ასახელებენ.
აქციის მონაწილეებმა ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმისა და მისი გარდაცვალების მიზეზების გამოძიება მოითხოვეს. ასევე საქმეში მონაწილე ყველა პირის დასჯა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის გადადგომა მოითხოვეს.
დღეს ნუგზარ ფუტკარაძის საქმის გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და თორნიკე რიჟვაძის გადადგომის მოთხოვნით გაიმართა კიდევ ორი აქცია. აჭარის მთავრობის სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრები შეიკრიბნენ, იქ იყო მისული ნუგზარ ფუტკარაძის დაც.
ბათუმის პარალელურად კი თბილისში საპროტესტო აქცია პარტია „დროას“ ორგანიზებით, „ქართული ოცნების“ სათავო ოფისთან გაიმართა.
24 ნოემბერს ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს და ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ ზეწოლაზე ისაუბრეს, მტკიცებულებად კი აუდიოჩანაწერები წარადგინეს.
ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატი, გიორგი კირთაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძეზე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, ასლან აბაშიძის დროინდელი ორი ყოფილი ძალოვანი ზეწოლას ახდენდა და პარტიის დატოვების სანაცვლოდ 100 000 დოლარს სთავაზობდა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ნუგზარ ფუტკარაძე სისხლში შაქრის მაღალი მაჩვენებლისგან გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა, რაც ნერვიულობას უკავშირდება.