ტყიბულში მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 65 წლის კაცი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.
კლინიკის ექიმი დავით ჯანაშია ამბობს, რომ პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში ფილტვებისა და გულმკერდის დაჟეჟილობით, ასევე ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომით შეიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ტყიბულში მაშველებმა მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მეორე მუშა გუშინ გარდაცვლილი იპოვეს.
პროფკავშირის გაერთიანების ცნობით, შემთხვევა ტყიბულში კუსტარულად მოწყობილ ერთ-ერთ კერძო შახტაში მოხდა, რა დროსაც ქვანახშირის ფენა ჩამოიშალა და ორი მეშახტე მოიყოლა.
მათივე ცნობით, ტყიბულში არსებულ კუსტარულ შახტებს მადნის მოპოვება შრომის ინსპექციის მიერ ქონდათ აკრძალული, რადგან ისინი საერთოდ ვერ პასუხობდნენ შრომის უსაფრთხოების სტანდარტის მინიმალურ მოთხოვნებსაც კი.
როგორც „პუბლიკას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ითვალისწინებს.