ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ მოხარულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე დასწრების შესაძლებლობის გამო.
როგორც ის ამბობს, იმედი აქვს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან.
„მოხარული ვარ, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას აძლევს, დაესწროს საკუთარ სასამართლო სხდომას. აშშ-მა, როგორც სხვა ქვეყნებმა, მოითხოვა, რომ მას შესძლებოდა, სურვილისამებრ, დასწრებოდა პროცესს, რაც არის მისი უფლება და რაც ასევე გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციით. ყველა ბრალდებულს აქვს უფლება სამართლიანი სასამართლოსი, რაც პირადად დასწრებასაც მოიცავს, თუ არის ამისი სურვილი.
მე ვიმედოვნებ, რომ მისი მხარდამჭერები პასუხისმგებლიანად მოიქცევიან. მათ, რა თქმა უნდა, აქვთ უფლება მშვიდობიანი პროტესტის, მაგრამ საკვანძო სიტყვა არის მშვიდობიანი და მე ვიმედოვნებ, ისინი არ ჩაერევიან სამართლიანობის აღსრულებაში, რაც მნიშვნელოვანია ამ სცენარში“, – თქვა კელი დეგნანმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, დღეს თავის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ პენიტენციურმა სამსახურმა მედიას დაუდასტურა ინფორმაცია. პროცესი 11 საათზე უნდა დაწყებულიყო. სასამართლო შენობის ეზოში არ უშვებენ მედიის წარმომადგენლებს და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს.
დღეს სასამართლო მოსმენა უნდა გაიმართოს 7 ნოემბრის საქმეზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამ საქმეზე ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია).
ასევე, 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოსა და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია). სასჯელი 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.