არასრულწლოვანთა ნიშნობის კრიმინალიზება | კომიტეტის უარყოფითი დასკვნა წინადადებაზე

პუბლიკა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არასრულწლოვანთა ნიშნობის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით პარლამენტში მოქალაქეების მიერ წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე უარყოფითი დასკვნა მოამზადა.

საკანონმდებლო წინადადების მიხედვით,  სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს ცვლილება და ქორწინების იძულების მუხლს დაემატოს პრიმა მუხლი, რომლის მიხედვითაც ნიშნობის იძულებაც კანონით დარეგულირდება.

საკანონმდებლო წინადადების ავტორები განმარტავენ, რომ აუცილებელია გატარდეს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები იმსიათვის, რომ ყველა მშობელს აეკრძალოს არასრულწლოვანი შვილის ნიშნობა იძულებით, რაც ცხადია ხშირა შემთხვევაში იწვევს როგორც არასრულწლოვანი ბიჭის ასევე გოგოს განთლების მიღების შეზღუდვას, აზიანებს ჯანმრთელობას, რადგან გოგოები ხშირად ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ზეწოლის მსხვერპლნი არიან, ეს ყოველივე კი არასრულწლოვანის ფსიქიკაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, რაც უმეტეს შემთხვევაში სუიციდით ან გაუჩინარებით მთავრდება.

წინადადების ავტორებს მაგალითად მოჰყავთ 8 თებერვალს სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა 11 წლის გოგოს სავარაუდო ნიშნობის შესახებ. ამ შემთხვევაში შსს-მ გამოძიება ქორწინების იძულების მუხლით დაიწყო. ავტორები იზიარებენ და ეთამხმებიან იმას, რომ ნიშნობაც გარკვეულწილად ქორწინებასთან არის დაკაშირებული თუმცა აღნიშნავენ, რომ პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც „ნიშნობის იძულებამ გამოიწვია ისეთი საზარელი  შედეგი, რომ ფაქტობრივად არც რეგისტრირებული და  არც არარეგისტრირებული  ქოწინება არ შემგარა, მაგრამ სახიფათო შედეგი მაინც დადგა”.

წინადადების ავტორების აზრით, ნიშნობა თავისი არსით და სამართლებრივი შედეგებით განსხვავდება ქორწინებისაგან და ამდენად, ნიშნობის იძულებაც დამოუკიდებელი შემადგენლობის სახით უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.

რა არგუმენტები აქვს კომიტეტს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ  საკანონმდებლო წინადადების შესწავლისას, კომიტეტმა გამოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პოზიციები წინადადებაში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რელევანტურ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების სტატისტიკური მონაცემები.

კომიტეტში ამბობენ, რომ მიღებული სტატისტიკური ინფორმაციისა და უწყებების პოზიციების (მათ შორის, სასამართლო პრაქტიკის თაობაზე) ანალიზის შედეგად, დგინდება, რომ პრაქტიკაში, ნიშნობის იძულება, ე.ი. პირის დანიშვნა მისი ნების საწინააღმდეგოდ, განიხილება ქორწინების იძულების შემადგენლობის (მუხლი 1501) ფარგლებში და ასეთი ქმედებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც სწორედ ამ მუხლის საფუძველზე ხორციელდება.

კომიტეტი ეთანხმება საკანონმდებლო წინადადებაში გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ნიშნობის იძულება პრაქტიკაში კვალიფიცირდება ქორწინების იძულების მუხლით, თუმცა არ იზიარებს საკანონმდებლო წინადადების ავტორთა შეფასებს იმის თაობაზე, რომ აღნიშნული წარმოადგენს საკანონმდებლო ხარვეზს, რომლის აღმოფხვრაც შესაძლებელია ნიშნობის იძულებისთვის ქორწინების იძულების (მუხლი 1501) იდენტური სტრუქტურისა და სანქციების მქონე დამოუკიდებელი შემადგენლობის გათვალისწინებით.

ამის გათვალისწინებით, კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორების ინიციატივა ნიშნობის იძულების დამოუკიდებელ შემადგენლობად გამოყოფის თაობაზე, ვერ იქნება შეფასებული საკმარის და გამოსადეგ საშუალებად არასრულწლოვანთა ნიშნობის თანმდევი უარყოფითი შედეგების ეფექტიანად თავიდან ასაცილებლად.

„ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა უარყოფილად ცნო საქართველოს მოქალაქეების: კახაბერ ძაგანიას, გიულჩინ ახმედოვას, ელენე ჭიპაშვილის და მამუკა გულდედავას მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, “- წერია კომიტეტის დასკვნაში.