„გარევაჭრობასთან დაკავშირებით, პირდაპირ ვიტყვი, რომ კანონი უნდა აღსრულდეს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ხშირად გვიწევს შეხსენება ამ ადამიანებისთვის, რომ კონკრეტულ სივრცეებში არაა დაშვებული გარევაჭრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა, გამგეობებთან ერთად, შეიმუშავა და გამოყო კონკრეტული ტერიტორიები, სადაც ამ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, ყოველგვარი გადასახადების გარეშე დადგნენ და განახორციელონ პროდუქტების გაყიდვა. თუმცა ისეთი ადგილები, რომლებიც კანონის თვალსაზრისით პრობლემას წარმოადგენს, რა თქმა უნდა, ყოველთვის მოჰყვება რეაგირება”, – თქვა კალაძემ.
მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის თანამშრომლებმა „დელისის” მეტროს მიმდებარედ მოვაჭრეებს დახლების აღება მოსთხოვეს. გუშინ, ამავე ადგილას სამსახურმა ერთ-ერთი გარემოვაჭრე 50 ლარით დააჯარიმა.
როგორც „პუბლიკას” მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურში განუცხადეს, დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1536-ე მუხლის მიხედვით, ქალაქ თბილისში შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება ჯარიმით 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით. განმეორების შემთხვევაში კი 300 ლარის ოდენობით.