კულტურის სამინისტროში ჟურნალისტების ნაწილი ბრინფინგზე ისევ არ შეუშვეს

პუბლიკა

დღეს კულტურის სამინისტროში თეატრების ხელმძღვანელების დანიშვნასთან დაკავშირებით მინისტრს ბრიფინგი ჰქონდა ჩანიშნული. ბრიფინგზე დასასწრებად მისული ტელეკომპანია „პირველი” შეხვედრაზე არ შეუშვეს.

ჟურნალისტი, რომელიც კულტურის სამინისტროს შენობაში იმყოფება, ამბობს, რომ საშვთა ბიუროში წინა პრაქტიკის მსგავსად კონკრეტული ტელევიზიები შეუშვეს, რომლებიც წინასწარ გადაცემულ სიაში ჰყავდათ. ტელეკომპანია „პირველს” კი, ბრიფინგზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

კულტურის სამინისტროში ბრიფინგზე  ტელეკომპანია „მთავარის” და „პირველის” ჟურნალისტები  არ შეუშვეს არც 22 ნოემბერს. არც მაშინ და არც ახლა მიზეზებს უწყება ოფიციალურად არ განმარტავს. კულტურის სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

22 ნოემბერს კულტურის სამინისტროს ბრიფინგზე კრიტიკული მედიების არშეშვებას გამოეხმაურა კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის.

„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სამთავრობო უწყებები მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენენ. 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დაგეგმილ ბრიფინგზე ასევე არ მიიწვიეს მედიის წარმომადგენლების ნაწილი.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე. ამასთან, საზოგადოებას ეზღუდება შესაძლებლობა სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით თვალი ადევნოს მიმდინარე პროცესებს. მოვუწოდებთ საქართველოს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა”, – ნათქვამია 22 ნოემებრს კოლიაციის გავრცელებულ განცხადებაში.