კოალიცია: მოვუწოდებთ კულტურის სამინისტროს, შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა

პუბლიკა

დღეს კულტურის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ტვ „პირველის“ ჟურნალისტის არშეშვების ფაქტს განცხადებით ეხმაურება კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“.

კოალიცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კულტურის სამინისტრო მედიასაშუალებების მიმართ შერჩევით დამოკიდებულებას ავლენს და მსგავსი დისკრიმინაციული მიდგომა ლახავს მედიის წარმომადგენლების უფლებას, შეასრულონ პროფესიული მოვალეობა, მიიღონ და გაავრცელონ ინფორმაცია მნიშვნელოვან საკითხებზე.

კოალიცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს მედიის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა და ყველა ჟურნალისტს მიეცეს ინფორმაციაზე წვდომის თანაბარი შესაძლებლობა.

ამასთანავე, კოალიცია მიმართავს საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველ პირს, რათა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში შეისწავლოს ბრიფინგებზე ჟურნალისტების დისკრიმინაციის ფაქტები და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაცია.