„მოდიხართ, იღებთ და არ აშუქებთ“ - კალაძე მედიას ემუქრება

პუბლიკა

კახა კალაძის თქმით, მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებზე ინტენსიურად უწევს მედიასთან ურთიერთობა, თუმცა მისი შეფასებით, ზოგიერთი მედია ამ ღონისძიებებს მიზანმიმართულად არ აშუქებს.

ის ამბობს, რომ თუ ეს ასე გაგრძელდა, მერია გადახედავს მედიასთან ურთიერთობას და მიიღებენ კონკრეტულ ზომებს.

“ეს არის ყოველდღიური საქმიანობა, რასაც ვეწევით. შეიძლება, გამგეობის, მერიის პროექტები იყოს. შეიძლება, იყოს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, სპორტული მოედანი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ვიწვევთ, მედიას, განურჩევლად ყველას.

არის კონკრეტული მედიასაშუალებები, რომლებიც, სამწუხაროდ, ამასთან დაკავშირებით, იმ დღესთან დაკავშირებით, თუ რატომ ვართ შეკრებილები, არც ერთ ინფორმაციას არ ავრცელებენ. გიწვევთ, გეძახით, თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა, გააშუქოთ ის პროექტები, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით.

არ იფიქროთ, რომ მე ვინმეს საინფორმაციო პოლიტიკას ვაკონტროლებ, მაგრამ რაღაც წესი, ჩარჩოები ხომ არსებობს. მოდიხართ, იღებთ, არ აშუქებთ. მაქსიმალურად ვცდილობ, ვიყო კომუნიკაბელური თქვენთან ურთიერთობაში. სვამთ შეკითხვებს სხვადასხვა თემაზე, ვცდილობ, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში მაქსიმალურად გიპასუხოთ ამ შეკითხვებზე.

როდესაც ვიკრიბებით კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მაგალითად ხიდის მშენებლობასთან, შეიძლება, თქვენი შეკითხვა არსებულ საკითხს არ უკავშირდებოდეს, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერი ვალდებული ვარ, რამხელა პასუხისმგებლობაა ჩემთვის და ვცდილობ, მაქსიმალურად თქვენც კომფორტი შეგიქმნათ, გიპასუხოთ თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე, მაგრამ როდესაც იქ არ ხდება იმ კონკრეტული ღონისძიების გაშუქება და საზოგადოებისთვის მიწოდება, მგონია, რომ ძალიან ცუდია. ასე რომ, თუ ეს გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს, გადავხედოთ ჩვენს ურთიერთობას და ამ მიმართულებით მივიღებთ კონკრეტულ ზომებს.“ – განაცხადა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.