„სერიოზულ გამოწვევად რჩება ასევე პენიტენციური დაწესებულებების არაფორმალური მეთოდებით მმართველობა, რაც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვას და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად”. – ამბობს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებული ვითარების შეჯამებისას.
როგორც ლომჯარია ამბობს, ეს საკითხი განსაკუთრებულად პრობლემურია ნახევრად ღია დაწესებულებებში, მისი თქმით, არაფორმალური მმართველობა პატიმართა შორის ფიზიკური და მძიმე ფსიქოლოგიური ძალადობით ხასიათდება.
„2021 წლის დასაწყისში სახალხო დამცველის წარმომადგენლები გახდნენ არაერთი სიტყვიერი თავდასხმის ობიექტები სხვადასხვა ნახევრად ღია დაწესებულებების ტერიტორიაზე, რაც პირდაპირ ან ირიბად ორგანიზებული იყო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან. აღნიშნულის შემდეგ სახალხო დამცველმა გააკეთა განცხადება, რომ დროებით აჩერებდა პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე პრევენციულ ვიზიტებს”. – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.