ევროპის სახალხო პარტიის (Epp) პოლიტიკურ ასამბლეაზე საქართველოს საკითხიც განიხილეს. შეხვედრა ბრიუსელში 3-4 თებერვალს გაიმართა.
აღნიშნულ ასამბლეაზე პარტიამ საქართველოს ხელისუფლებას მოქალაქეების მოთხოვნების შესრულებისა და პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი დევნის შეწყვეტისაკენ მოუწოდა.
„ევროპის სახალხო პარტია რჩება ქართული დემოკრატიის აქტიურ მხარდამჭერად და შესაბამისად იმედგაცრუებულია მმართველი პარტიის ნების არარსებობით, გადაჭრას არსებული პოლიტიკური კრიზისი. ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, უპასუხონ საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და საქართველოს მეგობრების მოთხოვნებს. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების შუამდგომლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებს და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ისეთი საარჩევნო სისტემის მიღებისაკენ, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის მაქსიმალურ პროპორციულობას, 2020 წლის არჩევნებამდე. ევროპის სახალხო პარტია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას სასამართლო სისტემის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებაზე და შეწყვიტოს ოპოზიციის ლიდერების სამართლებრივი დევნა. საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და საქართველოს და ევროკავშირის ინტერესშია რომ ქვეყნის დემოკრატიული მიღწევები არ დაიკარგოს”, – წერია განცხადებაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.