ე.წ „თიბისი ბანკის“ საქმეზე დღეს ხაზარაძის, ჯაფარიძის და წერეთლის ბოლო პროცესი გაიმართება

პუბლიკა

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში „თბს ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებლის მამის, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბოლო პროცესი გაიმართება. სხდომა 11:00-ზეა ჩანიშნული და მას მოსამართლე გიორგი არევაძე გაუძღვება.

როგორც „პუბლიკას“ ბრალდებულების ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს, დრო დაეთმობა რეპლიკებსა და ბრალდებულების საბოლოო სიტყვას.


ე.წ. „თიბისი ბანკის“ საქმეზე 2019 წლის 24 ივლისს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა ფულის გათეთრების მუხლით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით.

პროკურატურის მტკიცებით, ხაზარაძემ, ჯაფარიძემ და წერეთელმა ერთობლივად და მოტყუებით სს „თიბისი ბანკიდან” დიდი ოდენობის თანხები მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს, რის შემდეგაც, მათი წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, რეალური მფლობელისა და ნამდვილი ბუნების დაფარვის მიზნით, უკანონოდ მოპოვებული თანხების ლეგალიზაცია განიზრახეს.

დაცვის მხარის პოზიციით, ორივე ბრალდება აბსურდია – ფულის გათეთრებაც და ბანკის მოტყუებაც. 

„1.რას ნიშნავს ფულის გათეთრება? ეს არის შავი, ბრუნვაში არარსებული ფულის გათეთრება. აქ კი საბანკო გადარიცხვებით გასტუმრებულია ვალი, რომელიც დაფიქსირებულია და თავად პროკურატურაც არ დავობს, რომ ეს ვალი რეალური იყო და თანხა ამის გასტუმრებას მოხმარდა. 2. რაც შეეხება მოტყუებას, ხომ უნდა თქვას პროკურატურამ, რომ აი ვიღაც მოატყუეს და ესაა დაზარალებული? პროკურატურა ამას არ ამბობს, ასეთი არავინ არსებობს“, – ამბობს ადვოკატი.