„ეს უნდა იყოს ქართული პროცესი“ - პრეზიდენტი პარტიების ნაწილთან შეხვედრისას

პუბლიკა

„საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს გარკვეული ფორმით გამოხატული“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარტიების ნაწილთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, რა ფორმატზე გადავა პროცესი, ეს მათი გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ აპირებს დღესვე ჰქონდეს ფორმატზე პასუხი და ეს ერთად იქნება გასარკვევი.

„მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩვენ ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა. ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ვინმეს თავს მოვახვიო. ერთად იქნება გასარკვევი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკური პარტიების ნაწილთან საახალწლო მიღებას მართავს. პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ე.წ. შერიგების პროცესზე ისაუბრა.