ეკონომისტ რამაზ გერლიანის დაკარგვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში „პუბლიკას“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 243-ე მუხლით მიმდინარეობს.
აღნიშნული მუხლი თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რამაზ გერლიანი ეკონომიკის ლექტორი და „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ პრეზიდენტია. ოჯახი გერლიანს მას შემდეგ ვერ უკავშირდება, რაც მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. აღნიშნული პოსტი დღეს, ცოტა ხნის წინ Facebook-დან წაიშალა.
პოსტი გერლიანმა გუშინ, 19 დეკემბრის დილით გამოაქვეყნა და ის პოლიციის მხრიდან ზეწოლაზე, სავარაუდო მიყურადებასა და თვალთვალზე საუბრობდა. „კანონი დუმს… ჩემთვის ყველაფერი სულერთია… ისე ვარ, მინდა, მეც დავდუმდე, ოღონდ სამუდამოდ…“, – წერდა გერლიანი.
ძმის ცნობით, რამაზ გერლიანი მის კუთვნილ არცერთ სახლში არ არის. ადგილზე ოჯახის წევრები პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად რამდენჯერმე მივიდნენ და შეამოწმეს. ძმა ადასტურებს იმ ინფორმაციასაც, რომ გერლიანის მანქანა თბილისში, ავჭალის პოლიციის განყოფილებასთან იპოვეს. მისივე თქმით, მანქანა ღია იყო და მასში მანქანის გასაღები და საბუთები იყო დატოვებული.