მიზანი არცაა წყენის დავიწყება. მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის - სააკაშვილი

პუბლიკა

„მე ვწუხვარ ჩემი მმართველობის ბევრი საკითხის გამო, მაგრამ ამგვარი ქვეყნის აშენება არასდროს შემრცხვება და არასდროს ვინანებ”, – ამის შესახებ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

რუსთაველის გამზირზე სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. მისი წერილი აქციის შეკრებილ მონაწილეებს მისმა დედამ გიული ალასანიამ წაუკითხა. გთავაზობთ ამონარიდებს სააკაშვილის მიმართვიდან:

„ჩვენ უნდა შევძლოთ საერთო მიზნის ირგვლივ გაერთიანება, ჩვენ – მთელმა ქართველმა ერმა. ალბათ, ყველასთვის რთული იქნება სამართლიანი თუ უსამართლო წყენის დავიწყება, მაგრამ დავიწყება არცაა მიზანი. მიზანია ურთიერთპატიება ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საქართველოსთვის, ჩვენი მომავლისთვის. სხვაგვარად ჩვენ ვერ დავძლევთ იმ ჯოჯოხეთს, რომელშიც ჩვენი ქვეყანაც და ჩვენი საზოგადოებაც ახლა იმყოფება და რასაც თვითგანადგურების რეჟიმი ქვია. სხვაგვარად ჩვენ ვერ შევძლებთ გზის გაგრძელებას უკეთესი მომავლისკენ!

ჩვენ არც უფლება გვაქვს და ვერც ავიტანთ ამდენ ურთიერთზიზღს. შიდადაპირისპირებაზე ჩვენი ძალების დახარჯვა მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, მაშინ როცა ჩვენი ქვეყნის ერთადერთი მტერი ჩვენს კარებთანაა მომდგარი და ამ ურთიერთშუღლს ჩვენს წინააღმდეგ მთელი სისასტიკით და დიდი ოსტატობით იყენებს, უნებლიეთ ამაში ხელი არ უნდა შევუწყოთ. დღეს, მინდა გამოვაცხადო და მწამს და მჯერა, რომ დამეთანხმებით: ჩვენ აქ ვდგავართ და გვაერთიანებს არა შურისძიების წყურვილი, არამედ საერთო მიზანი, გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა და დავაბრუნოთ ევროატლანტიკურ ოჯახში, რომლის ბუნებრივი და ისტორიული წევრიცაა…

…დღეიდან ჩვენი ბრძოლა უნდა გახდეს უწყვეტი. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჯერ იმდენი, რამდენიც შეგვიძლია და შემდეგ იმდენი, რამდენიც საჭიროა საბოლოო გამარჯვებისთვის და ჩვენი სამშობლოს საბოლოო გამოხსნისთვის ბოროტების იმპერიისა და მისი დამქაშებისგან.

არანაირი დაღლა, არანაირი ხელების ჩამოშვება. ჩვენი მოწინააღმდეგე იმდენად ძლიერია, რამდენადაც ჩვენში ხედავს სისუსტეს და როგორც კი დაინახავს იმ თავგანწირვას, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, მათ მიერ აშენებული კედელი გარდაუვალად ძალიან მალე ჩამოიშლება”, – წერს სააკაშვილი.