უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას „შერიგების“ შესახებ „ამბიციური ტვირთი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ამ ინიციატივის განხორციელებაში შესაძლებლობის ფარგლებში ყველა უნდა დაეხმაროს.

მისი თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. ეროვნული შერიგების საკითხზე კი აღნიშნა, რომ ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე და არა კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით.

„მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით მე აზრი არ შემიცვლია, ბევრჯერ მაქვს ეს აზრი დაფიქსირებული და ცნობილია საყოველთაოდ. რაც შეეხება შერიგებას, საკმაოდ ამბიციური ტვირთი იტვირთა ქალბატონმა პრეზიდენტმა და ყველამ მადლობა უნდა გადავუხადოთ, ყველამ. იმიტომ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის. მოგეხსენებათ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ რადიკალიზაცია და პოლარიზაცია არის რაც ქვეყანას წარსულში აბრუნებს და არ მიჰყავს წინ. შესაბამისად, უნდა გავაკეთოთ მარტივი რამ –  უნდა შევეცადოთ ყველანი, რომ პრეზიდენტის ინიციატივას დავეხმაროთ, იმ შესაძლებლობებით, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს ის შესაძლებლობები, რომ ყველა ჩვენი წარმომადგენლობა, საკანონდებლო დონეზე, ჩვენი ინიციატივები, ყველაფერი იქნება განსაზღვრული, იმით, რომ ქალბატონ პრეზიდენტს, ამ მისიის შესრულებაში, რომელიც მარტივი არ იქნება, დავეხმაროთ“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში პროცესს აფერხებს. გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის: ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, ქვეყნის საგარეო ორიენტაცია, მართლმსაჯულების სისტემა, დეოკუპაცია და ა.შ.