ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებს, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძესა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი დაჩი ბერაიას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ აშშ-ის ელჩმა კომენტარი გააკეთა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე.
„საქართველოსთვის ამ რთულ დროს, რაც საზოგადოების დაყოფის შეჩერებას გულისხმობს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ძალისხმევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მისი ძალისხმევა მხარდაჭერილი უნდა იქნას ყველამხრივ, რათა მოხდეს შეთანხმების მიღწევა საქართველოს წინსვლისთვის.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ დროს, როცა სტაბილურობა, უსაფრთხოება ასეთი საჭიროა. მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში. როგორც ვიცი, ჩართულნი არიან როგორც პოლიტიკური პარტიები, ასევე სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია და ყველანი საქართველოს საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან. მათ ყველას აქვთ საკუთარი ხმა, რათა შეაჩერონ საზოგადოების დაყოფის პროცესი.
ყველამ კარგად ვიცით, ეს პროცესი სწრაფად, ერთ და ორ დღეში ვერ დასრულდება, ამისთვის პრეზიდენტიც კარგად არის მომზადებული, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს აღნიშნული პროცესი და ყველამ საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს ამაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრებთან შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში.
„როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, – განაცხადა დეგნანმა.