ბათუმის მერია ირაკლი ფირცხალავას საახალწლო კონცერტში 14 ათას ლარს უხდის

პუბლიკა

ბათუმის მერიას ევროპის მოედანზე საახალწლო ღონისძიებების გამართვა 328 035 ლარი უჯდება, რაშიც 20 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე უწყვეტი კონცერტები და 31 დეკემბრის გალა კონცერტი შედის. ამის შესახებ ინფორმაციას „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს. ინფორმაციას თან ერთვის ბათუმის მერიიდან გამოთხოვილი წერილი.

ბათუმის მერიიდან გამოთხოვილ წერილში წერია, რომ ყველაზე დიდ ჰონორარს, 14 100 ლარს რუსეთში მცხოვრები მომღერალი, ირაკლი ფირცხალავა მიიღებს, რომელიც თბილისში გამართული ანტივაქსერული აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორია.


მერიის მიერ დაორგანიზებულ კონცერტებში მონაწილეობას ჯამში 39 შემსრულებელი იღებს. მათ შორის არიან დათო ევგენიძე, რომელიც ჰონორარის სახით 11 000 ლარს იღებს,  Mastera (3 125 ლარი) და ლაშა ღლონტი (2 000 ლარი).

ბათუმის მერიის მიერ საახალწლო კონცერტებში გაწერილი 328 035 ლარიდან ჰონორარის სახით 54 775 ლარი იხარჯება.

რაც შეეხება ბათუმის გალა კონცერტს, რომელიც 31 დეკემბრის ღამით გაიმართება, მასში მონაწილეობას 12 შემსრულებელი იღებს. მათი ჯამური ჰონორარი 50 500 ლარია. ამ თანხის ნახევარზე მეტს კი სალიო (სალომე კორკოტაშვილი) აიღებს.

ბათუმის მერიის წერილი, რომელსაც „ფლანგვის დეტექტორი“ ავრცელებს, შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

„პუბლიკა“ ბათუმის მერიის პრესსამსახურს დაუკავშირდა მეტი დეტალის მისაღებად.